დაბომბვების შედეგად მთლიანად განადგურდა ქალაქი ვოლნოვახა

2022-03-13 12:49:38

13 მარტს გამთენიისას განგაშის სიგნალები უკრაინის არაერთ ქალაქში ისმოდა. მათ შორის, ჟიტომირში, კიევში, ტერნოპილში, რივნეში ლვოვსა კრამატორკსა და ივანო ფრაკნოვსკში.

ივანო ფრანკოვსკის მერის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, დაიბომბა ქალაქის აეროპორტი. მისი თქმით, მტრის მიზანია პანიკისა და შიშის დათესვა. ქალაქი ლვოვიდან 114 კილომეტრში მდებარეობს, სადაც სამხედრო პოლიგონი დაიბომბა.

ლვოვის ოლქში დაბომბილი პოლიგონი პოლონეთის საზღვრიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული, ქალაქ ლვოვიდან კი 30 კილომეტრით. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცენტრი ერთ-ერთია იმ ორი პოლიგონიდან, რომელსაც უკრაინა საერთაშორისო სამშვიდობო წვრთნებისთვის იყენებს. პოლიგონი ქალაქ ლვოვიდან 30 კილომეტრითაა დაშორებული. The Guardian-ის ცნობით, დაბომბვის შედეგად 20 ადამიანია გარდაცვლილი.

დონეცკის რეგიონში კი უკრაინული მხარის თქმით, სამონასტრო კომპლექსი დაიბომბა, სადაც ადამიანები აფარებდნენ თავს. გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

დაბომბვების შედეგად მთლიანად განადგურდა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ვოლნოვახა. ქალაქი მარიუპოლსა და რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკს შორის მდებარეობს.

ამასთან, BBC-ს თვითმხილველზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინის უშიშროების ძალებმა კიევში დრონი ჩამოაგდოს, რომელიც 3 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო აღჭურვილი. მოგვიანებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა გასული ღამის განმავლობაში ორი რუსული დრონის ჩამოგდება.

გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თქმით, გუშინ ღამით შეძლეს კიდევ ორი რუსული ვერტმფრენის და 2 su-24 ტიპის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება.

ოკუპანტებმა ქალაქ მელიტოპოლის მერის გატაცების შემდეგ, მათი მართვის ქვეშ მყოფი ახალი მერი დანიშნეს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას.

გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 2.5 მილიონმა ადამიანმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები