რუსთავის საკრებულომ 2 კომისიის თავმჯდომარე აირჩია

2022-03-11 15:49:44

რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულომ ორი კომისიის თავმჯდომარე აირჩია.

სოციალურ საკითხთა კომისიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნანა შატბერაშვილი უხელმძღვანელებს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე კი, ასევე ენმ-ის დეპუტატი ვაჟა მორგოშია იქნება.

თავმჯდომარეობის კანდიდატები სხდომაზე მხოლოდ ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" წარადგინა, "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატურების დაყენებაზე ამჯერადაც უარი განაცხადა.

სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს თავმჯდომარეობის კანდიდატებისთვის კითხვების დასმა სურდათ, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. ენმ-ის წევრების თქმით, "ქართული ოცნება" მათი კომპეტენციის შემოწმებას ცდილობდა, რის უფლებასაც არ მისცემდნენ და კითხვებს შემდეგში, კომისიის ფორმატში უპასუხებდნენ.

მმართველი გუნდის წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს და განაცხადეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო მათი მარტივი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ინფორმაციისთვის, დანარჩენი სამ კომისიაზე საკრებულო მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები