რუსთავიდან უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარება მზადაა. [ვიდეო/video]
უკრაინის დამეგობრებულ ქალაქებში გასაგზავნი პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნივთები უკვე შეაგროვა და დაასაწყობა რუსთავის მერიამ. საჭირო ნივთების მობილიზება 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, ჰუმანიტარულ აქციაში ჩაერთო ბიზნესი და მოქალაქეები. ტვირთი ივანო ფრანკოვსკში, ჩერკასში, ხმელნიცკში, ვინიცასა და კრივოი როგში ხვალ გაიგზავნება.
"მთელი საქართველო ვთანხმდებით და მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ დღეს რაც უკრაინაში ხდება, არის ძალიან მძიმე თითოეული ჩვენგანისთვის. რუსთავი დამეგობრებულია 5 ქალაქთან უკრაინის, ჩვენ მათთან ბოლო დღეების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია და სწორედ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე დავგეგმეთ ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება. დღეს ვასრულებთ, თუმცა ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, ეს იქნება პირველი ეტაპი და საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენ ისევ ვიქნებით ჩართული. მინდა, მადლობა ვუთხრა რუსთავში ბიზნესს და თითოეულ რუსთაველს, რომ ჩვენს მოძმე ერს, უკრაინელებს დავუდგეთ გვერდით, დავეხმაროთ ამ ძმიმე დღეების გადატანაში", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა რეგიონშიც. მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ტვირთი დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დასაწყობდა.
"ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში მოხდა ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება. დღეს ყველა მუნიციპალიტეტმა ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში წარმოადგინა ეს ტვირთი. ეს არის პირველადი ჯანდაცვის მოხმარების ნივთები და ბავშვთა კვება, რომლის ტრანსპორტირებაც და უკრაინელი ხალხისთვის გადაცემა მოხდება საქართველოს მთავრობის ჩართულობით", - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.
ტვირთის დასაწყობების პროცესში ჩართული იყო საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", ირაკლი შატაკიშვილი.