ომის მე-7 დღე უკრაინაში

2022-03-02 11:23:58

უკვე მე-7 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. ინტენსიურად იბომბებოდა მთელი ღამის განმავლობაში უკრაინის ქალაქები.

რუსული საჰაერო და სარაკეტო იერიშები აქტიურად მიმდინარეობდა ღამის განმავლობაში და გრძელდება ახლაც ქალაქ ხარკოვში, თუმცა შეტევების მოგერიებას უკრაინელები ამ დრომდე ახერხებენ. რუსებმა დილიდან განაახლეს საარტილერიო დარტყმები ქალაქის საცხოვრებელ უბნებზე. ოკუპანტებმა მორიგი საჰაერო დარტყმა რამდენიმე წუთის წინ ქალაქის ცენტრზე მიიტანეს, დაიბომბა რეგიონული პოლიციის შენობა და ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებელი, რუსები თავს დაესხნენ ქალაქის სამხედრო ჰოსპიტალსაც.

ოკუპანტებმა მძიმე დანაკარგების შედეგად ხერსონის დიდი ნაწილი აიღო. გარეუბნებში ამ დრომდე გრძელდება შეტაკებები.

კიევთან იმატა რუსული მიტოვებული ტექნიკის რიცხვმა. ბოლო 24 საათში 6 ხელუხლებელი ტანკი ჩაიგდეს ხელში უკრაინელებმა. ამის მიზეზი გუშინ საღამოს უკრაინელების მხრიდან რუსული კოლონის ნაწილის განადგურებაა.

დრონებმა დაბომბეს ბელორუსიდან წამოსული რუსული კოლონის ნაწილი.

მარიუპოლში უკრაინული არმია კონტრშეტევაზე გადავიდა და დონბასის რაიონში წინ მცირედით წაიწია. ქალაქში გადამწყვეტი ბრძოლები გრძელდება და შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკულ ფაზაშია შესული.

ასევე რამდეჯერმე დაიბომბა ქალაქი კიევის დასავლეთით არსებული ქალაქი ჟიტომირი. დაბომბვა ძირითადად სამოქალაქო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებს შეეხო.