რუსთავში 19 ოჯახს საცხოვრებელი ფართი, რომელშიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცა.
რუსთავის მერიის მიერ ინიცირებული საკითხი სხდომაზე მერის წარმომადგენელმა საკრებულოსთან ურთიერთობის საკითხებში, დავით მაღლაკელიძემ წარადგინა.
მისი განცხადებით, 19 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გიორგაძის N26-ში გადაეცათ, ხოლო ერთ ოჯახს ფართი მას შემდეგ გადაეცემა, რაც აზომვით ნახაზებში არსებულ შეცდომას გამოასწორებს.
აღნიშნულ საკითხს კენჭი რუსთავის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად უყარეს.
საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბერიძემ განაცხადა, რომ ქალაქში არსებული დაურეგისტრირებელი ქონებების სწრაფი დამტკიცება უნდა მოხდეს. სოციალური სამართლიანობისთვის კი, ვისაც ასეთი ფართი არ გააჩნია ქალაქის შემოსასვლელში მიწის ფართი უნდა გადაეცეს.
"ქალაქში არსებობს უამრავი ქონება, რომელიც აღიარებულია თვითონ მოქალაქეების მიერ, მაგრამ სახელმწიფო ხელს უშლიდა ამ ქონებების დარეგისტრირებას. ეს ეხება ავტოფარეხებს, ანალოგიური ტიპის შენობებს, სადაც მოსახლეობა დიდი ხანია შესული და სარგებლობს, ეზოებში მრავალწლიან ნარგავებს, რომელსაც მოსახლეობა უვლის წლების განმავლობაში, ასევე მიწის ნაკვეთებს, რომელიც წინა ხელისუფლებების დროს ან კიდევ უფრო იქით, კომუნისტების დროს გადაცემული იყო მოსახლეობისთვის და მათ გარკვეულ წილად მიტოვებული ჰქონდათ და ახლა უნდათ რომ საკუთრებაში აიღო, ამ პრობლემის მოგვარებას. პლუს იმ ადამიანებს რომლებსაც არ აქვთ ქალაქში ანალოგიური ტიპის ქონებები, სოციალური სამართლიანობისთვის, და ვერ მოვახერხებთ მის დაკანონებას ჩვენი, მათთვის უნდა მოხდეს მიწის ნაკვეთების გადაცემა რუსთავის შემოგარენში",- განაცხადა ალეკო ბერიძემ.
მის ამ განცხადებას სხდომაზე მოყვა ქართული ოცნების წევრების მხრიდან პოზიციების დაფიქსირება, რაც კამათში გადაიზარდა.
"სრულიად გაუგებარია, როგორ უნდა გადიოდეს ფარეხების დაკანონება ქალაქის ეკონომიკური განვითარებაზე. მაგალითად დავუკანონეთ, მერე რა? გასაგებია, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიაა და დაჟინებით ცდილობენ, საკრებულოს ყველა სხდომაზე გააჟღერონ თავიანთი წინასაარჩევნო დაპირებები. ალბათ ეშინიათ, რომ არ დაავიწყდეთ თავიანთ ამომრჩეველს, ან არ ვიცი სხვა რა მიზეზი აქვთ. ჩვენ ეკონომიკურ განვითარების ნაწილს ვერ ვხედავთ. ჩვენ გვაქვს მოსაზრებები ამ ნაწილში აბსოლუტურად განსხვავებული მაგრამ არის თემები, რომელზეც შესაძლებელია, რომ ვითანამშრომლოთ",- განაცხადა მარი ლიპარტელიანმა.