რუსთავის მერია უკრაინის დაძმობილებულ ქალაქებს დაეხმარება

2022-02-28 14:09:16

რუსთავის მერია უკრაინის დაძმობილებულ ქალაქებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.

ამის შესახებ განცხადება რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ გააკეთა.

"რუსთავის მუნიციპალიტეტი რუსთავის დაძმობილებული ქალაქებისთვის იწყებს ჰუმანიტარული დახმარების გაწევას. უკრაინის ქალაქებთან წლებია რუსთავს მეგობრობა აკავშირებს. ყველამ ვიცით, რომ დღეს ეს ქალაქები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და ჩვენი მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია. რუსთავის მერია აქტიურ კომუნიკაციაშია ამ ქალაქების წარმომადგენლებთან.

ქალაქის მერია ჰუმანიტარულ აქციას დღეიდან იწყებს მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები გათვალისწინებული იქნება უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთების შესაძენად",- განაცხადა ლაცაბიძემ.

გარდა ამისა, რუსთავის მერი აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს რიგით რუსთაველებს და ბიზნესის სექტორსაც.

დამატებითი დეტალების გასარკვევად კი შეგიძლიათ რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე 1300-ზე დარეკოთ.