შეხვედრა უკრაინის მოქალაქეებთან

2022-02-27 22:54:08

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" დეპუტატები რუსთავში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს შეხვდნენ.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" დეპუტატები და საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" სპორტული დირექტორი ბაჩანა ცხადაძე, რუსთავში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოში საფეხბურთო სინჯებზე იმყოფებოდნენ და შექმნილი მდგომარეობის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. დეპუტატები სპორტსმენების ამჟამინდელ მდგომარეობას გაეცნენ და დამატებითი დახმარება შესთავაზეს. უკრაინელი ფეხბურთელების განცხადებით, ისინი რუსთავში საცხოვრებელი პირობებით კმაყოფილები არიან და რჩებიან მუდმივ კომუნიკაციაში საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებთან.

"ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა უკრაინელმა სტუმრებმა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა, ვინაიდან ყველაზე კარგად ალბათ სწორედ ჩვენ გვესმის მათი და ვეცდებით შევუმსუბუქოთ ეს მდგომარეობა " - განაცხადა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ მარი ლიპარტელიანმა.

ფეხბურთელების მიმართ ყურადღების გამოჩენაზე და დეპუტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბაჩანა ცხადაძემ.

"უკრაინელი ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენს გუნდში სინჯებზე იმყოფებოდნენ, ამჟამად ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას. რუსთავის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებთან ერთად შევხვდით ფეხბურთელებს და ამ რთულ პერიოდში, გამოვთქვამთ მზაობას, რომ მათ მაქსიმალური მხარდაჭერა იგრძნონ ჩვენგან. აქვე აღვნიშნავ, რომ ფეხბურთელებს სურვილის შემთხვევაში, ჩვენი ფარმ კლუბის შემადგენლობაში ვარჯიშის საშუალება ექნებათ."- განაცხადა ცხადაძემ.

ინფორმაციას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება" ავრცელებს.