ავარია შარტავას გამზირზე

2022-02-24 16:11:06

შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც "ინფო რუსთავს" ახალგაზრდა მამაკაცმა განუცხადა, ის ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მიკროავტობუსის მძღოლმა გზა არ დაუთმო და შეეჯახა.

შეჯახებას უარყოფს თავად მიკროავტობუსის მძღოლი, თუმცა ამბობს, რომ ქვეითისთვის გზის დათმობას ნამდვილად არ აპირებდა, რადგან ის ზებრა გადასასვლელზე არ გადადიოდა.

მომხდარს შარტავას გამზირზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. იმისთვის, რომ კამათი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში არ გადაზრდილიყო, ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

მიკროავტობუსის მძღოლი 40 ლარით დააჯარიმეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი იყო მობილიზებული.