უკრაინაში ომი დაიწყო

2022-02-24 09:45:32

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. დილის 5 საათიდან აფეთქების ხმები ისმის დედაქალაქ კიევში, ასევე, ხარკოვში, კრამატორსკში, მარიუპოლში, ოდესაში, ზაპოროჟიასა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მანამდე განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა:

"გარემოებები ჩვენგან მოითხოვს დაუყოვნებლივი და გადამწყვეტი ზომების მიღებას. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს. მე გადავწყვიტე, ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია", - თქვა მან.

პუტინის თქმით, რუსეთი არ აპირებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას, თუმცა უკრაინელი ხალხის "თვითგამორკვევის" უფლებას უჭერს მხარს. "არავისთვის არაფრის ძალით მოხვევას არ ვაპირებთ", - განაცხადა პუტინმა.

პუტინი ამტკიცებს, რომ რუსული ჯარების შეჭრა სუვერენულ სახელმწიფოში არა ომის დაწყება, არამედ "თავდაცვაა".

"მოგიწოდებთდაყაროთ იარაღი და წახვიდეთ სახლში. ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელიც შეასრულებს ამ მოთხოვნას, შეძლებს დაბრკოლებებ

ის გარეშე დატოვოს საბრძოლო მოქმედებების ზონა და დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს", - განაცხადა პუტინმა.

სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა კი აგრესორმა ქვეყანამ უკრაინის ხელისუფლებას დააკისრა. გარდა ამისა, პუტინმა განაცხადა:

"ახლა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა მათთვის, ვისაც შეიძლება გარედან მოვლენებში ჩარევის ცდუნება ჰქონდეთ: ვინც არ უნდა სცადოს ხელი შეგვიშალოს, მით უმეტეს, საფრთხე შექმნას ჩვენი ქვეყნისთვისა და ხალხისთვის, მათ უნდა იცოდნენ, რომ რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება და მიგიყვანთ ისეთ შედეგებამდე, რომელიც ისტორიაში არასდროს შეგხვედრიათ. ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიღებულია. იმედი მაქვს, მომისმენენ".

უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

"დღეს თქვენგან, თითოეული თქვენგანისგან სიმშვიდეა საჭირო. თუ შესაძლებელია, გთხოვთ დარჩით სახლში. Ჩვენ ვმუშაობთ. ჯარი მუშაობს. უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მთელი სექტორი მუშაობს. მე, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ყოველთვის ვიქნებით თქვენთან კავშირში. მალე ისევ გამოვალ კავშირზე. პანიკის გარეშე.

ჩვენ ძლიერები ვართ, ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან უკრაინელები ვართ. დიდება უკრაინას!", - განაცხადა ზელენსკიმ.