"მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გამარჯვების გრძნობა დავაბრუნოთ რუსთავში" [video]

2022-02-23 14:04:50

საფეხბურთო კლუბ "რუსთავს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს. კლუბს დღეიდან ბაჩანა ცხადაძე უხელმძღვანელებს. [ვიდეო/video]

ახალი ხელმძღვანელი ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ წარადგინა და განაცხადა, რომ მერია რუსთავში ფეხბურთის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობას იწყებს.

ლაცაბიძის თქმითვე, დაგეგმილია რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელება სტადიონზე არსებული ძველი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით.

"დღეიდან რუსთავის საფეხბურთო კლუბს ეყოლება ახალი სპორტული დირექტორი, ბაჩანა ცხადაძე, ახალგაზრდა ადამიანი. მას და მის ოჯახს ძალიან ბევრი რამ აკავშირებს რუსთავთან. ჩვენ ერთად შევთანხმდით, რომ დროა, რუსთავის ფეხბურთი და საფეხბურთო მიმართულება განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. იქიდან გამომდინარე, რომ სრული ინფრაქტრუქტურა, რაც არის სტადიონზე ეკუთვნის რუსთავის მერიას, ვიწყებთ რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელებას სწორედ იმისთვის, რომ სპორტსმენებს ჰქონდეთ უკეთესი შესაძლებლობა ვარჯიშის და შესაძლებლობა იმის, რომ გააუმჯობესონ მათი შედეგები", - განაცხადა ლაცაბიძემ.

კლუბის ახალი სპორტული დირექტორის, ბაჩანა ცხადაძის თქმით, რუსთავში საფეხბურთო მიმართულებით დიდი ცვლილებები იწყება.

"ძალიან მძიმე მემკვიდრეობაა ინფრასტრუქტურულად, რაც წლების განმავლობაში იყო დაგროვილი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ დღეს დაიწყო ამის გაუმჯობებსება. ეს გრძელვადიანად მოიტანს იმას, რომ ფეხბურთელებს ექნებათ სპორტული შედეგების გაუმჯობესების პირობები. სპორტული მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ვეცდებით, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, ეტაპობრივად რაღაცები დავალაგოთ. ერთადერთი, რაც ძალიან სასიხარულოა, ეს არის ძალიან დიდი ცვლილებების დასაწყისი. მოლოდინი გვაქვს უკეთესი დროების საფეხბურთო თვალსაზრისით და ზოგადად, ამ ქალაქში რომ ფფეხბურთი გაცოცხლდეს", - აცხადებს კლუბის ახალი დირექტორი. 

რუსთავში დაბადებული ბაჩანა ცხადაძე იყო საქართველოს ნაკრების წევრი. საკლუბო დონეზე მას მოპოვებული აქვს სხვადასხვა ტიტული: იყო საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი, აგრეთვე, აზერბაიჯანის ჩემპიონი და "თანამეგობრობის თასის" გამარჯვებული ბაქოს "ინტერთან" ერთად, ამ კლუბის ისტორიაში კი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბაჩანა ცხადაძე ბოლო პერიოდში თავისივე დაარსებულ საფეხბურთო სააგენტოში მოღვაწეობდა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები