ეყოლება თუ არა გახარიას პარტიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთავში

2022-02-15 20:01:04

პოლიტიკური პარტია "გახარია საქართველოსთვის" რუსთავსა და გარდაბნის 10 თემში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურას არ დააყენებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა განუცხადა, რუსთავსა და გარდაბნის 10 თემში 2 აპრილს ჩანიშნულ არჩევნებზე მონაწილეობას არ მიიღებენ და ამისთვის ორი მიზეზი დაასახელა.

"ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ რუსთავში ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, რასაც თავისი ორი წინაპირობა და მიზეზი აქვს. პირველი, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი რესურსების ოპტიმიზაციას და გადანაწილებას იმ დიდი არჩევნებისთვის, რასაც საპარლამენტო არჩევნები ჰქვია.

ჩვენ ძალიან დიდი წნეხისა და ზეწოლის ქვეშ ვართ მმართველი პარტიისგან, რაც ადამიანური, ფინანსური და სხვა კუთხით შევიწროებას ნიშნავს. მეორე, ეს ერთი საპარლამენტო მანდატი არ არის გადამწყვეტი, თუმცა რუსთავის ინტერესების დაცვა ჩვენი საპარლამენტო გუნდისთვის ისედაც შესაძლებელი და მნიშვნელოვანია. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ჩვენი წარმომადგენელია და ბუნებრივია მუნიციპალურ დონეზე ამ ინტერესებს მაქსიმალურად გაატარებს",- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

"ინფო რუსთავის" კითხვას, გამოუცხადებენ, თუ არა რომელიმე კანდიდატს მხარდაჭერას ამ არჩევნებზე, ლილუაშვილი ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით დაელოდებიან სხვადასხვა პარტიების მიერ კანდიდატურების დასახელებას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები