"ქართულმა ოცნებამ" რუსთავში საარჩევნო კამპანია დაიწყო [video]

2022-02-12 18:10:03

"ქართულმა ოცნებამ" რუსთავში საარჩევნო კამპანია დაიწყო. [ვიდეო/video]

პოლიტიკურმა პარტიამ თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს რუსთავსა და გარდაბნის ათ თემში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა და შარტავას გამზირზე საარჩევნო ოფისი გახსნა.

წარდგენას "ქართული ოცნების" გენერალური დირექტორი ირაკლი კობახიძე, პარლამენტარები მამუკა მდინარაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

"ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის წინ და ჩვენთვის ძალიან პრინციპულია რუსთავსა და გარდაბანში ამ არჩევნების მოგება. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ჩვენი გუნდის წევრი წარმოადგენდეს ამ ძალიან მნიშვნელოვან ქალაქსა და მუნიციპალიტეტს საქართველოს პარლამენტში. შარშან და შარშანწინ გვქონდა ორი ასევე მნიშვნელოვანი არჩევნები და ორივე შემთხვევაში რუსთავმა და გარდაბანმა გააკეთა ის არჩევანი, რომელიც ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ წაადგება ამ ქალაქისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტი განვითარებასა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე შედეგით დასრულდება ეს ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნებიც. ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო სათანადო, სწორი კანდიდატის შერჩევა ამ არჩევნებისთვის და მოხარულები ვართ, რომ გაგვიმართლა კიდევაც ასეთი ღირსეული კანდიდატი იყო წარმოდგენილი რუსთავის გუნდის მხრიდან. ირაკლი შატაკიშვილი არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ღირსეული, პროფესიული კარიერული წინსვლა, არის თავისი საქმის პროფესიონალი. მას შეუძლია ახალ ამპლუაში, ხალხის სამსახურში აკეთოს ის საქმე, რომელიც წაადგება ამ ქალაქსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტს",- განაცხადა კობახიძემ.

წარდგენის დროს სიტყვით მიმართა "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილებს თავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა და განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია გააგრძელოს კონკურენტუნარიანი, სამართლიან პირობებში ჩატარებული არჩევნების ტრადიცია, რომელიც, მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა.

"ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და დიდი პასუხისმგებლობა არის მერქვას თქვენი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და მქონდეს პატივი, რომ დავიცვა თქვენი ინტერესები და ინიციატივები. ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ის ტრადიცია, რომელიც ქართულმა ოცნებამ და ჩვენმა დიდმა გუნდმა დაამკვიდრა, რასაც  ჰქვია კონკურენტუნარიან, სამართლიან პირობებში, მშვიდ გარემოში ძალიან მაღალი ხარისხით არჩევნების ჩატარება",- განაცხადა შატაკიშვილმა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები