11 რუსთაველი საქართველოს მთავრობას სასამართლოში უჩივის [video]

2022-02-10 17:23:59

რუსთაველებმა სუფთა ჰაერისთვის ბრძოლა სამართლებრივ ჭრილში გადაიტანეს და 11 მოქალაქემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომლითაც მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

როგორც ერთ-ერთი მოსარჩელე და ასევე სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ-ს" აქტივისტი, თიკო მაღედანი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ქალაქში ჰაერის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და საწრმოების უმრავლესობაში პროცესი კვლავ დარღვევით მიმდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის რუსთაველების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას.

"სამოქალაქო მოძრაობა გავიგუდეთ მეოთხე წელია იბრძვის ქალაქში სუფთა ჰაერისთვის, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა სიტუაცია და 2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით წელიწადში 270 დღის განმავლობაში ვისუნთქეთ ცუდი ან ძალიან ცუდი ჰაერი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამიტომ რუსთავის 11-მა მოქალაქემ გადავწყვიტეთ რომ სარჩელი შეგვეტანა სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონკრეტულად კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წინააღმდეგ. ეს არის მოქალაქეების სარჩელი.

ვითხოვთ, მორალური ზიანის ანაზღაურებას, რადგან ყოველდღიურად გვიწევს სტრესში ცხოვრება იმ პირობების გამო, რასაც გვიქმნის ჩვენს ახელმწიფოს უმოქმედობა. რუსთავში ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზი არის გაუმართავი საწარმოო პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე თითქმის ერთი წელია კანონი ძალაში შევიდა, ისევ ვდგავართ იგივე გამოწვევის წინაშე და ძალიან დაბალი ტემპებით მიმდინარეობს ცვლილებები. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს გზით დაჩქარდება ეს პროცესი და აღარ მოგვიწევს, რომ ყოველდღიურად ვიცხოვროთ ჯანმრთელობის მავნებელ გარემოში და ეს არ ახდენს გავლენას მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას, ეს მოქმედებს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, რადგან ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა არის საფრთხის ქვეშ",- განაცხადა თიკო მაღედანმა. 

მოქალაქეებს სარჩელის მომზადებაში მხარი "ღია საზოგადოების ფონდმა" დაუჭირა. იურისტის ციალა რატიანის განცხადებით, გარდა იმისა, რომ დარღვეულია გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლება და საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანებს ელახებათ ღირსება.

თიკო მაღედანის ცნობით, 2022 წლის იანვრის მონაცემებით 24 საწარმოდან, რომლებსაც ახალი რეგულაციები ეხებათ, ვალდებულება შესრულებული აქვს მხოლოდ ერთს. მხოლოდ სამმა საწარმომ შეიტანა განაცხადი ინსტრუმენტული უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემაში ჩართვის შესახებ, ერთს დაუკმაყოფილდა, ერთს შეუსაბამობის გამო უარი ეთქვა და ერთი ისევ განხილვის პროცესშია. 


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები