რუსთავის ენმ-ს ოფისთან მომხდარი ინცინდენტის საქმე

2022-02-04 22:01:38

“დავით კირკიტაძემ შეუწყნარებლობის მოტივით იძალადა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე და შესაბამისად, ჩაიდინა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება”, - ამის შესახებ “ინფო რუსთავს" 24 ოქტომბერს ენმ-ს ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ განუცხადა.

აჭარაძის თქით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ბრალი მოულოდნელად წარედგინათ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელებიდან 4 თვის თავზე საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა საქართველოს პარლამენტის წევრს - დავით კირკიტაძეს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ დავით კირკიტაძემ შეუწყნარებლობის მოტივით იძალადა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე და შესაბამისად, ჩაიდინა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება. ჩვენთვის მოულოდნელად, ბრალი ასევე წარედგინათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ დაზარალებულებს, რის გამოც მათი დარღვეული უფლებებისა და ინტერესების დასაცავად განვახორციელებ ყველა საჭირო სამართლებრივ მოქმედებას როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოში. ჩვენ პირველივე დღიდან ვთანამშრომლობთ საგამოძიებო ორგანოებთან და ვაწვდით მათ ყველა საჭირო ინფორმაციას. ასევე, სამომავლოდაც მზად ვართ აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში გავაგრძელოთ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულობა და ჩვენი პოზიციების დაცვა სასამართლოში" - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ რუსთავში შარტავას გამზირზე 24 ოქტომბერს"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ ინციდენტზე პარლამენტარ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ასევე საუბარია, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს ვ.ბ.-ს, ო.ყ.-ს, შ.მ.-ს მიმართაც.

ბრალს აბსურდულს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს დავით კირკიტაძე. ის აცხადებს, რომ 24 ოქტომბერს განხორციელდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმა და რამდენიმე პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოფისში შეჭრის მცდელობას, რისი უფლებაც ენმ-ს წევრებმა მათ არ მისცეს.