პროკურატურამ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

2022-02-04 12:24:19

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში შარტავას გამზირზე 24 ოქტომბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ ინციდენტზე პარლამენტარ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ასევე საუბარია, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს ვ.ბ.-ს, ო.ყ.-ს, შ.მ.-ს მიმართაც.

"საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან  მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ვ.ბ.-ს, ო.ყ.-ს, შ.მ.-ს და პარლამენტის წევრის დ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს, ქ. რუსთავში, პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ვ.ბ. და პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორციელებულ პოლიტიკას აპროტესტებდა. ასევე აპროტესტებდა დ.კ.-ს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.  

აღნიშნული პროტესტის გამოხატვისას, ვ.ბ.-სთან და მის თანმხლებ პირებთან პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ, მათ შორის იმყოფებოდა დ.კ.-ც, რომელმაც მის მიმართ საჯაროდ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო,  ვ.ბ.-ს და მის თანმხლებ - ო.ყ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა. მომხდარი კონფლიქტის დროს ვ.ბ.-მ, შ.მ.-მ და ო.ყ.-მ, პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორი პირის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა.  

დ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,  ჩადენილი ორი პირის მიმართ) დაიწყო. 

ვ.ბ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ და ჯგუფურად) დაიწყო, ხოლო ო.ყ.-ს  და შ.მ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი  ჯგუფურად) დაიწყო.

მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა. რაც შეეხება პარლამენტის წევრ დ.კ.-ს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა თავად დავით კირკიტაძეც, რომელიც აცხადებს, რომ ქართულმა ოცნება კიდევ ერთი პოლიტიკური ბრალი წაუყენა.

"ქართული ოცნება რუსთავის საკრებულოს დაკარგვის მერე , საპასუხო ნაბიჯზე ფიქრობდა, რა გადაწყვიტეს? რუსთაველებისათვის საჭირო ინიციატივების გამოჩენა? ხალხისათვის ჩვენზე უკეთესი გეგმის შეთავაზება ? არა - ეს მათ არ შეუძლიათ, თუმცა რაც იციან ესაა პოლიტიკური პოლიციითა და პროკურატურით ბრძოლა და ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა, დღეს 15:30 უნდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ბრალი წამიყენონ, მაგრამ ამით ისინი ხელს ვერ შეუშლიან ჩვენი გეგმის განხორციელებას რუსთავში და მთელს ქვეყანაში, რუსთაველებიც აუცილებლად მიიღებენ საკუთრებაში იმას რაც მათ ეკუთვნით, საქართველო აუცილებლად დააღწევს თავს იმ გაჭირვებას რაშიც შეგნებულად ჩააგდო ხელისუფლებამ, ქართველი ხალხი აუცილებლად დაიბრუნებს ღირსებას",- წერს ფეისბუკის პირად გვერდზე კირკიტაძე.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები