რუსთავში კორონავირუსის გავრცელების გამო 12 საბავშვო ბაგა-ბაღი დაიხურა.
ამის შესახებ ინფორმაციას ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანება" ავრცელებს.
"ქვეყანაში შექმნილი ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ 12 ფილიალში დღეის მდგომარეობით სრულად შეჩერებულია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ხოლო 10 ფილიალში დახურულია სააღმზრდელო ჯგუფების ნაწილი. ჯამში 92 სააღმზრდელო ჯგუფი. ფილიალებში დასაქმებულ 72 პირს ლაბორატორიულად დაუდასტურდა SARS-CoV-2 ინფექცია, ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება 200-მდე თანამშრომელი.
დაინფიცირდა ის კონტიგენტიც,რომლებსაც კონტაქტი აქვთ ,როგორც ფილიალის თანამშრომლებთან,ასევე აღსაზრდელებთან. დიდია აღსაზრდელების დაინფიცირების რისკი. მკვეთრად შემცირებული ადამიანური რესურსი თავისთავად შეუძლებელს ხდის საბავშვო ბაგა- ბაღების ფუნქციონირებას. ასევე მკვეთრადაა შემცირებული აღსაზრდელთა დასწრების დღიური მაჩვენებელი, რაც აღსაზრდელთა სრული რაოდენობის 10%-12%-ს არ აღმატება.(ჩარიცხული 6182-დან, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს ესწრება საშუალოდ 600 აღსაზრდელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების პრევენციის მიზნით,ფილიალების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში შეჩერდეს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 2022 წლის 3 თებერვლიდან 2022 წლის 15 თებერვლამდე",- აცხადებენ ბაგა-ბაღების გაერთიანებასი.