რუსთავის მერი საკრებულოში ოპოზიციონერი თავმჯდომარის არჩევაზე

2022-01-31 14:36:09

რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი დეპუტატის არჩევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამით ოფიციალურად გაფორმდა "ნაციონალური მოძრაობისა" და "გახარია-საქართველოსთვის" კოალიცია.

"დღეს ნაციონალური მოძრაობისა და პარტია საქართველოსთვის კოალიცია რუსთავში ოფიციალურად გაფორმდა. ფორმალურად ორი პარტიის, რეალურად კი ერთ პოლიტიკურ ორგანიზმად ქცეულმა სუბიექტებმა ერთხმად აირჩიეს თავმჯდომარე. ეს კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, რომ ეს პარტიები სინქრონულად მოქმედებენ და ერთი პოლიტიკური მიზანი ამოძრავებთ. საკრებულოს უხუცესი ჩვენი გუნდის წევრია, რომელიც არის კოვიდინფიცირებული, თუმცა პროცედურული ფაქტორების გამო ხელი არ შეგვიშლია ამ სხდომისთვის. ჩემთვის, როგორც რუსთავის მერისთვის, პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა ჩემი ქალაქის ინტერესები დგას. რუსთაველებმა ნდობა გამოგვიცხადეს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი უფრო ჯანსაღი, კომფორტული და განვითარებული გავხადოთ, რისთვისაც ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი ქალაქისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს რუსთავის განვითარებას და რუსთაველების ყოველდღიურობას აუცილებლად უკეთესს გახდის. საკრებულოში შევიტან ქალაქის საჭიროებებზე მორგებულ საკითხებს, თუ ოპოზიციის მხრიდან არ მოხდება ამ საკითხების დაყენება, ეს პირდაპირი გზავნილი იქნება, რომ მათ არ აღელვებთ ჩვენი ქალაქისა და აქ მცხოვრები მოსახლეობის ბედი და მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესები და პოლიტიკური საბოტაჟი აინტერესებთ. მინდა ყველამ იცოდეს, საკრებულოში წარმოდგენილი პროექტების ბოიკოტი რუსთავისა და რუსთაველების ღალატი იქნება",- განაცხადა ლაცაბიძემ.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები