"საქართველოში პირველები ვიქნებით, ვისაც სპეცნომერი ექნება"

2022-01-29 19:14:52

რუსთავის მუნიციპალიტეტს ცხელი ხაზის ახალი ნომერი 1300 ექნება.

ამის შესახებ ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთაველ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნულ ნომერზე რუსთაველები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით შეძლებენ ინფორმაციის მიღებას.

"დღეს მუნიციპალიტეტში რომ დაგჭირდეთ შეტყობინების გაკეთება მაგალითად, ძაღლმა შეგაწუხათ ღამე, ვიცით, რომ აქტუალური პრობლემაა, ხე გადატყდა, მოიპარეს რაიმე დანადგარი ან ინფრასტრუქტურა სკვერში, ან იკითხოთ, როგორ უნდა მიიღოთ სწავლის დაფინანსება, მოსახლეობას დღეს რუსთავში უწევს ძალიან ბევრი ნომრის გარკვევა, რომ მიაგნოს ვინ არის პასუხისმგებელი ამ საკითხებზე.

ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ კამპანიას 1300, რომელიც იქნება ერთი ნომერი და საქართველოში პირველები ვიქნებით, ვისაც სპეცნომერი ექნება მუნიციპალიტეტში. ყველამ იცის 112 რას ემსახურება, ასევე რუსთავში ყველამ უნდა იცოდეს 1300, სრული მუნიციპალური ინფორმაცია იქნება ერთ ნომერზე.

არ იქნება, რომ შესვენებაზეა მაია და რომ მოვა გადმოგირეკავთ, ეს ჩვენ არ გვეხება ააიპ-ს გადაურეკე, მოქალაქემ საერთოდ არ იცის ააიპ-ი, ვრეკავ მერიაში, მინდა გავარკვიო რაღაც საკითხი და მივიღო პასუხი.

იქნება ქოლბექი, თემის ბოლომდე მიდევნება. 1300 იქნება ჩვენი ქალაქის ერთიანი მუნიციპალური ცხელი ხაზი და განსაკუთრებით პანდემიამ გვანახა, რომ დისტანციური სერვისების განვითარება არის მნიშვნელოვანი",- განაცხადა ლაცაბიძემ.

ახალგაზრდებთან შეხვედრაზე რუსთავის მერმა სხვადასხვა საკითხთან და პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა, მათ შორის ერთ-ერთო მერიაში სტაჟირებაა.

ამ ეტაპზე უკვე გამოცხადდა 15 სტუდენტისთვის ერთ თვიანი სტაჟირება. ნინო ლაცაბიძის თქმით, სტაჟირების მიზანია, ახალგაზრდები გაეცნონ როგორც ზოგადად თვითმმართველობის სისტემას, ასევე კონკრეტულად მისი სამსახურების მუშაობის სპეციფიკას.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები