NDI-მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდშია ჩატარებული. კვლევის დროს მასში მონაწილეებს სხვადასხვა სახის კითხვები დაუსვეს.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 27%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 21%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 43 % კი ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
„მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით არ იცვლება, რაც პარტიებისთვის თანამშრომლობის სტიმული უნდა გახდეს. მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. ისინი არც პარლამენტისადმი არიან ოპტიმისტურად განწყობილნი და ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანო მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს (53 პროცენტი); 52 პროცენტს ასევე არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მოსახლეობის მხოლოდ მესამედი მიიჩნევს, რომ პარლამენტს მოქალაქეებთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 39% - კარგად, პრემიერის საქმიანობას გამოკითხულთა 35% ცუდად აფასებს, 27% - კარგად, პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 46% ცუდად აფასებს, 14% - კარგად.
კითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? გამოკითხული მოსახლეობის 83%-ისთვის მისაღებია, 8%-ისთვის მიუღებელი, ხოლო პასუხი კითხვაზე არ იცის 3%-მა.
კითხვაზე: მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი? - გამოკითხული მოსახლეობის 77%-ისთვის მისაღებია, ხოლო 11%-ისთვის მიუღებელი, კითხვაზე პასუხი არ იცის 12%-მა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც, მოსახლეობა ფიქრობს, რომ ნატო-ში გაწევრიანება, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია.