გამოძახებაზე გასული ექიმი თავად აღმოჩნდა კლინიკაში (ვიდეო)

2017-09-03 16:44:33

რუსთავში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი და მძღოლი ცემეს. შემთხვევა  მე-6 მიკრორაიონში მოხდა.

როგორც დაგეგმარების, ხარისხის , გამოძახებებისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, სამედიცინო ეკიპაჟი გამოძახებაზე გავიდა, ექიმმა პაციენტს პირველადი დახმარება გაუწია, თუმცა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას ავადმყოფის თანმხლებმა სამმა პირმა რეანომობილში ასვლა ისურვა, რაზეც სასწრაფოს პერსონალის მხრიდან უარი მიიღეს. აღნიშნულ ფაქტს სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

თვითმხილველების ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცები ალკოჰოლური  ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. დაშავებული ექიმის გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" გახდა საჭირო. მას თავისა და ზურგის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. ამჟამად სასწრაფოს ექიმი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

"ინფო რუსთავს" მომხდარი შსს-ში დაუდასტურეს, უწყების ინფორმაციით, ფაქტზე რეაგირება მყისიერად მოხდა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ურთიერთშელაპარაკებაში მონაწილე სამი პირი პოლიციამ უკვე გამოკითხა. ნახეთ ვიდეო.