"გაზზე გაორმაგებული გადასახადი მოგვივიდა"

2022-01-04 21:16:38

რუსთავის მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივ აირზე დარიცხულ გაორმაგებულ, რიგ შემთხვევებში კი, გასამმაგებულ გადასახადს აპროტესტებს.

"ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" ათობით აბონენტი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ დეკმებრის თვეში, წინა თვეებთან შედარებით, ბუნებრივი აირის მოხმარებაზე არარეალური გადასახადი მიიღო. აღნიშნულის შესახებ აქტიურად იწერება სოცალურ ქსელშიც.

რუსთაველები აცხადებენ, რომ გაზს იგივე ან უფრო ნაკლები რაოდენობით მოიხმარენ, რა რაოდენობითაც წინა თვეებში.

მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ გაზრდილი გადასახადი არც სადღესასწაულო დღეებს არ უკავშირდება.

"იყო 130, დავუწიე გათბობას, გავიყინე მთელი თვე, ველოდებოდი, რომ მოვიდოდა 100 ან ასამდე და მოვიდა 160. ეს იყო 24 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე ჩვენება, ახალი წელი არ ემთხვევა", - განუცხადა "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა აბონენტმა.

საინფორმაციო სააგენტო საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზს" დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი ქოიავას თქმით, ვისაც გადასახადი არარეალურად ეჩვენება, განცხადება უნდა დაწეროს.

"ვისაც არარეალურად ეჩვენება, მოგვმართოს განცხადებით ან დარეკოს ცხელ ხაზზე და ჩვენი სპეციალისტები ადგილზე მივლენ, გადაამოწმებენ, რამ გამოიწვია ეს.

მოგეხსენებათ როგორი თვეა, დღესასწაულებია, გათბობაც ჩართულია, სამზადისი ჰქონდათ და თავისთასვად ხარჯი გაზრდილი იქნება", - აცხადებენ "სოკარ ჯორჯია გაზში".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები