გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დილიდან აკრძალულია ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტისათვის, ზოგიერთზე კი გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღდეგო ჯაჭვებით.
ამ დროისთვის, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა კვლავ მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, რიკოთის უღელტეხილის რიგ მონაკვეთებზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო ზოგიერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ასევე აკრძალულია საჩხერე-ონის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის (ნაქერალას უღელტეხილი), ლენტეხი-მელეს, ხაიში-კალას და ასევე გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ12-კმ106 მონაკვეთზე.
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მთის გზებზე - კორშა-შატილის მონაკვეთზე, კალა-უშგულის მონაკვეთზე, ფარავანის უღელტეხილის მონაკვეთზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვას საქართველოს გზებზე დაწესებული შეზღუდვები და გზებზე, სადაც მოსალოდნელია ნალექი და დაბალი ტემპერატურა იმოძრაონ ზამთრის სეზონური საბურავებით.
ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.