2022 წლის თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადი გადაადგილდება ძვირდება და 1 ლარი ხდება.
ამავდროულად, შემოდის აბონიმენტების სისტემა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ერთსაათიანი, ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი და ერთწლიანი ულიმიტო აბონემენტების სისტემა 2022 წლის თებერვლიდან ამოქმედდება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს, 22 დეკემბერ განაცხადა.
რაც შეეხება ფასებს, კალაძის განმარტებით, ერთდღიანი აბონემენტი 3 ლარი ეღირება, ერთკვირიანი - 20 ლარი, ერთთვიანი - 40 ლარი, სამთვიანი - 100 ლარი და ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი.
ულიმიტო აბონემენტების გარდა, კალაძის განცხადებით, თბილისში ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება გახდება 1 ლარი, მომხმარებლებს კი მისი გამოყენება ულიმიტოდ 90 წუთის განმავლობაში შეეძლებათ როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და მიკროავტობუსში.
დღემდე მოქმედი სისტემით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით - მეტროთი, ავტობუსით და ლურჯი მიკროავტობუსებით - გადაადგილება ღირს 50 თეთრი და შემდეგი მგზავრობა ამ სამიდან რომელიმე ტრანსპორტიში არის უფასო. ყვითელი მიკროავტობუსებით გადაადგილება 80 თეთრი ღირს და შეღავათის სისტემა აქ არ მოქმეებს.
კალაძის თქმით, აბონემენტების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყება და მისი შეძენა მეტროს სალაროებსა და "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი.
ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა შეეძლებათ თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, ასევე, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, ქალაქ თბილისის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანებს და სხვა.
რაც შეეხება შეღავათიან ტარიფებს, კალაძის თქმით, 20 თეთრით მგზავრობა შეეძლებათ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს, საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებს, პენსიონერებს, თბილისის საკუთრებაში არსებული პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმებს, უბნის პედიატრებს და ოჯახის ექიმებს, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე მანდატურებს და სხვა.
ასევე შეღავათიანი, 10-თეთრიანი მგზავრობის უფლებით სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები.