"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხვალიდან მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებენ.
მელიას განცხადებით, შიმშილობის აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. რაც შეეხება ლოკაციას, ენმ-ის თავმჯდოამრე აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები პარტიის ოფისის მიმდებარედ კახეთის გზატკეცილზე განლაგდებიან, სადაც ახლა საჭირო ინფრასტრუქტურა მზადდება.
შიმშილობის აქციის შესახებ ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ენმ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ რამდენიმე წუთში თანამოაზრეებთან ერთად თავადაც დაიძვრება კახეთის გზატკეცილისკენ და შიმშილობის აქციას შეუერთდება.
„მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს კონსტიტუციური უფლება და არაძალადობრივი მეთოდია.
ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მე შეიძლება ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის გასაცემად და ვერავის დავავალდებულებ, გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ აქვე დავძენ, რაც უფრო მასობრივი იქნება და მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას. სად? - ალბათ გაქვთ ეს შეკითხვა. არ მინდა და პრინციპულია ეს ჩემთვის, ბავშვები ნამდვილად გახდნენ ამ მიზანსცენის შემხედვარე. ახალი წელი მათთვის ჯადოსნურია და დავუტოვოთ მათ ეს სივრცე. არ გვინდა ხელი შევუშალოთ სალომე ზურაბიშვილს განავითაროს ის პროცესი, რომელიც მან წამოიწყო. ჩვენ ამ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას ვიწყებთ კახეთის გზატკეცილზე, ჩვენი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვიქნებით ძალიან ბევრნი. შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქ ეწყობა და ჩემი მხრიდანაც სათქმელად რთულია, ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. თქვენთვისაც მოსმენა მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, მაგრამ იქ, სადაც ეროვნული ინტერესია, იქ, სადაც ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას მთელი სახელმწიფო და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანები, იქ, სადაც ოკუპაციას გადარჩენილი ქართველები იმ ტერიტორიაზე ვართ, სადაც ხდება ის, რაც ყოველდღიურად ხდება, როცა ოკუპაციას გადარჩენილ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ ქართველები და დაგვავიწყდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებიც, იმიტომ, რომ ამ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს აწყობს პოლარიზება, რომ მათზეც ვერ ვესაუბროთ, ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს, გარდა შეტევისა და გარდა იძულებისა, რომ რეჟიმს უკან დავახევინოთ და მიტაცებული სახელმწიფო ხელიდან გავაგდებინოთ. აქედან ჩავდივარ, მეგობრებთან ერთად მივდივარ კახეთის გზატკეცილისკენ, ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი იქ წამოხვალთ. ვიქნებით მანამდე და არა მხოლოდ იქ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება ტყვეობიდან. ეს შიმშილობის უმძიმესი აქტი იქნება უვადო, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე“, - განაცხადა მელიამ.