როგორია რუსთავი-გაჩიანის გზაზე დაჭრილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

2021-12-21 11:42:05

მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ რუთავი-გაჩიანის გზაზე 20-მდე ტყვია ესროლეს, კრიტიკულად მძიმეა. ის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, 37 წლის კაცი აპარატულ სუნთქვაზე იმყოფება.

"იმყოფება აპარატულ სუნთქვაზე. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია და საჭიროებს მუდმივ მედიკამენტოზურ მხარდაჭერას. პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია", - განაცხადა პაატიშვილმა.

მისივე განცხადებით, ახალგაზრდა კაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან, თავის არეში აქვს მიყენებული.

შეგახსენებთ, გუშინ რუსთავი-გაჩიანის საავტომობილო გზაზე მოძრავ ავტომობილს 20-მდე ტყვია ესროლეს. დაჭრილია "რენჯროვერში" მჯდარი ახალგაზრდა მამაკაცი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები