როდის აინთება რუსთავის მთავარი ნაძვის ხე

2021-12-16 18:37:52

რუსთავის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები 25 დეკემბერს აინთება. ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

"ქალაქის განათება მოხდება ერთიანად, 25 დეკმებრისთვის ვიგეგმებით", - აღნიშნა ლაცაბიძემ.

ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხის აწყობის სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს. სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია და ხვალ დასრულდება.

საახალწლო ილუმინაციებისა და განათებების მონტაჟი მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალურ გამზირებზე, ასევე, მოირთვება რუსთავში არსებული რეკრეციული სივრცეების ნაწილი.

საახალწლო სოფელი და ნაძვის ხე, რომელიც რუსთავის მერიამ წელს შეიძინა, ახალგაზრდობის პარკში განთავსდება. ნაძვის ხის აწყობის სამუშაოები სკვერში უკვე მიმდინარეობს.

რეკრეაციულ სივრცეებში იგეგმება კონცერტების ჩატარებაც.

2022 წლის შესახვედრად მუნიციპალიტეტი 183 000 ლარს ხარჯავს. როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, პანდემიიდან გამომდინარე, რუსთავი ახალ წელს შედარებით მოკრძალებულად შეხვდება.

"ბიუჯეტში არ დაგვიმატებია თანხები, ეს არის არსებული, 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები, რომელიც თავის დროზე იყო ჩადებული სწორედ იმისთვის, რომ საახალწლო ღონისძიებები დაგეგმილიყო. გარკვეული ინვენტარის შეძენა ამ თანხის ფარგლებში მოხდა, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, ვერ ვაძლევთ თავს უფლებას, რომ ძალიან დიდი თანხები დაიხარჯოს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ შიდა არსებული რესურსით, რომ საახალწლო განწყობა ჩვენს რუსთაველებს შევუქმნათ", - განაცხადა ლაცაბიძემ.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები