სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდა

2021-12-15 18:08:52

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზედაც პატრიარქს კურთხევა სთხოვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქოც.

"პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესთან. მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.