"გამოხატულია ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია"

2021-12-14 19:49:14

სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიოუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ნევროლოგიური და ფსიქიკური პათოლოგიები, მათ შორის, ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა. ამის შესახებ ნევროლოგმა თენგო წულაძემ ისაუბრა, რომელმაც ბრიფინგზე წარადგინა სამედიცინო დასკვნის ძირითადი მიგნებები.

"პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. ნევროლოგიური სიმპტომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია, ესაა მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, გამოხატულია ანემია, ფსიქიკური თვალსაზრისით გამოხატულია ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა", - განაცხადა ექიმმა თენგო წულაძემ.

ფსიქიატრმა მარინე კურატიშვილმა, ასევე არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია "ფარმაკოლოგიურ წამებაზე" და თქვა რომ ამის ნიშნები პაციენტს არ ჰქონდა.

"არ ვადასტურებ, მე ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს. ბატონი მიხეილი მხოლოდ ერთხელ და იმ ნახვისას და იმ ნახვისას ბატონ მიხეილს ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა. ასე რომ ვერ დავადასტურებ. სათითაოდ გავეცანი მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს ნიშნებს, რომ ვინმეს მისი ფარმაკოლოგიური წამება სურდა", - აღნიშნა მან.

ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას განცხადებით, კონსილიუმმა 12 დეკემბერს მოინახულა მიხეილ სააკაშვილი გორში, მათ სრულყოფილად გასინჯეს პაციენტი და გაეცნენ სამედიცინო ჩანაწერებს.

მომზადდა 9 ექიმის სამედიცინო დასკვნა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება, მათგან ერთი იქნება საჯარო.