რუსთავში ლიფტი ჩავარდა

2021-12-14 18:32:17

რუსთავის მე-20 მიკრორაიონის ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, მათ კორპუსში რამდენიმე დღის წინ ლიფტი ჩავარდა. მოსახლეობამ საკითხის გაშუქების თხოვნით "ინფო რუსთავს" მიმართა.

როგორც მიკრორაიონის მოსახლე საინფორმაციო სააგენტოს უყვება, ლიფტი მერვედან მეხუთე სართულამდე ჩაწყდა.

"მერვეზე ვცხოვრობთ, რომ შევიდა ჩვენი მეზობელი მე-5 სართულამდე ჩაწყდა, ხმაც კი გავიგეთ. შემდეგ ჩემს მეუღლეს დაურეკა, ასე მოხდა, მაგვიანდება და თუ სახლში ხარ გადი გაჭედე როგორმეო, მე კი გადავრჩი, მაგრამ არავის არაფერი მოუვიდესო. რომ გავედით აღარ მუშაობდა უკვე. თავისით გაჩერდა ალბათ. ორი დღის შემდეგ მოვიდნენ, აამუშავეს და ეს ფურცელი მიაკრეს.

არ ვითხოვთ უფასოს, უბრალოდ უსაფრთხო იყოს. შეაკეთონ, შეცვალონ ტროსი თუ რაცაა დაზიანებული.

მე-8 სართულზე ვცხოვრობთ, ასე რომ ვიყენებთ ხშირად. მე ჩემს შვილს აღარ ვუშვებ ლიფტში და ვინც არ იცის, იმან რა ქნას", - განუცხადა "ინფო რუსთავს" კორპუსის მცხოვრებმა.

საინფორმაციო სააგენტოს გადამღები ჯგუფი მე-20 მიკრორაიონში იმყოფებოდა. ლიფტი უკვე ჩართულია, თუმცა ადგილზე რჩება შემდეგი შინაარსის წარწერა:

"გთხოვთ, კარი ხელით არ დააკავოთ და მძიმე ტვირთი არ აიტანოთ, ეს იწვევს ლიფტის ხშირ გაფუჭებას. გარდა ამისა, სახიფათოა, ტროსიც მოძველებულია", - წერია ფურცელზე.

ფაქტთან დაკავშირებით ააიპ "რუსთავის კორპუსის" ხელმძღვანელს, დათო ხაჩიძეს დავუკავშირდით. ხაჩიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ მისამართზე არა ლიფტის ჩავარდნა, არამედ მისი ჩაწევა დაფიქსირდა.

"ტექნიკური ხარვეზი ნამდვილად დაფიქსირდა, შემდეგ ეს ლიფტი კომპანიამ, ვინც ემსახურება, გააჩერა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ იყო არანაირი 3 სართულზე ჩავარდნა. არის ხოლმე ხარვეზები, ოდნავ ჩაიწევა, რაღაც ცუდი შეგრძნებაა გეთანხმებით, მაგრამ ესეც აღმოფხვრილია უკვე და ლიფტი ჩართულია. ახლა უკვე მომავალი წლის ტენდერებს ვაცხადებთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ მაგ ლიფტსაც", - განაცხადა ხაჩიძემ. 

"რუსთავის კორპუსის" ხელმძღვანელს ვკითხეთ, თუკი ლიფტი მწყობრშია, რას ემსახურება წარწერა, რომელიც კორპუსშია გამოკრული.

მისი თქმით, ფურცელი ლიფტთან კორპუსის მობინადრემ განათავსა.

"წარწერა კომპანიას არ გაუკრავს, მობინადრემ გააკრა. ლიფტის შახტი, რამაც გამოიწვია ხარვეზი, იყო ამოვსებული ნაგვით, ამ ნაგავსაც, რა თქმა უნდა, თვითონ მობინადრეები ყრიან. ამოიწმინდა ის ნაგავი, დასუფთავდა და ჩაირთო შემდეგ ლიფტი", - აცხადებს დათო ხაჩიძე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები