რა ვიცით "ომიკრონზე"?

2021-12-05 14:54:45

კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" მსოფლიოს 38 ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია.

ახალი შტამს, რომელზეც მეცნიერებს ჯერ-ჯერობით დაზუსტებული ცნობები არ აქვთ, ჯანომ რამდენიმე დღის წინ შემაშფოთებელი ვარიანტის კლასიფიკაცია მიანიჭა.

რა ვიცით ამ დროისთვის ომიკრონზე?

მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონის აქტიური შემთხვევები დადასტურებულია 38 ქვეყანაში, ჯერ არ დაფიქსირებულა გარდაცვალება.

ვრცელდება თუ არა წინა შტამებთან შედარებით სწრაფად?

ომიკრონის პირველი შემთხვევები სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდის ახალი შემთხვევები თითქმის სამჯერ არის გაზრდილი. თუკი 26 ნოემბრს ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იყო 3402, 1 დეკემბერს 8561 შემთხვევამდე გაიზარდა.

სამხრეთ აფრიკის გადამდები დაავადებების ეროვნული ინსტიტუტმა დაადასტურა, რომ ომიკრონი სწრაფად გავრცელებადია.

ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგის ტომ ვენშლერის განცხადებით, ომიკრონი დელტასთან შედარებით სამჯერ მეტად გადამდებია.

დადასტურებული ინფორმაციაა, რომ ომიკრონს წინა ვარიანტებთან შედარებით ადვილად შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ორგანიზმში არსებული იმუნური დაცვის სისტემას და ხელახლა დააინფიციროს ისინი, ვისაც კოვიდი გადატანილი აქვს, ან გაკეთებული აქვს კოვიდ19-ისგან დაცვის სხვა საშუალება.

დაზუსტებული ცნობა იმის შესახებ, ეფექტურია თუ არა დღესდღეობით არსებული ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ მეცნიერებს არ აქვთ. მათი ნაწილი მეტად ოპტიმისტია და თვლის, რომ ვაქცინებს აქვს უნარი დაიცვან ადამიანი ომიკრონისგანაც, თუმცა ნაწილი მეტად სკეპტიკურია.

ასევე უცნობია, ომიკრონი წინა შტამებთან შედარებით ინფიცირების შემთხვევაში უფრო მეტად დამაზიანებელია ორგანიზმისთვის თუ არა. ჯერ-ჯერობით არ არის საკმარისი დრო გასული მისი აღმოჩენიდან, რომ დაზუსტებით ითქვას, ზრდის თუ არა ომიკრონი ჰოსპიტალიზაციის შანსებს. თუმცა ადრეული ინფორმაციით, ომიკრონით ინფიცრებულთა ჰოსპიტალიზაცია წინა შტამების მაჩვენებელს უთანაბრდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები