ვაგრძელებთ სასკოლო პერსონალის ანაზღაურების ზრდის პროცესს. სამინისტროს ინიციატივით ყოველწლიურად იზრდება მასწავლებელთა ანაზღაურება და დაგეგმილია როგორც სკოლის ადმინისტრაციის, ასევე, რესურსცენტრების თანამშრომელთა ანაზღაურების მატება, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა.
მისი თქმით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დაფინანსების ოდენობა მოსწავლეების რაოდენობის პროპორციულად გაიზარდა, რაც სკოლებს მისცემს შესაძლებლობას, განაახლონ რესურსოთახები, შეიძინონ შესაბამისი აღჭურვილობა და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების უკეთ ინტეგრაციისთვის, დამატებითი მომსახურების სახით, ფსიქოლოგის, მეტყველების თერაპევტის, ჟესტური ენის თარჯიმნის თუ სხვა სპეციალისტის დახმარება უზრუნველყონ.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, გრძელდება აქტიური მუშაობა სასწავლო პროცესში ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის მიმართულებით. ვითარდება ორენოვანი ადამიანური კაპიტალი, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის ბილინგვური მიდგომით დანერგვის პროცესში ადგილობრივი ორენოვანი და დამხმარე მასწავლებლების ჩართვას გულისხმობს. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს ბილინგვური საგანმანათლებლო რესურსის შექმნის პროცესიც.
"პედაგოგთა კარიერული წინსვლის ხელშეწყობისთვის სამინისტრომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესი დაიწყო, რაც მასწავლებელთა მაქსიმალური ჩართულობით სქემის დახვეწასა და გაუმჯობესებას გულისხმობს. ამ მიზნით, შექმნილია განათლების ექსპერტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც სქემის ალტერნატიულ მოდელებზე მუშაობს და რომლის განხილვის პროცესი ყველა მოქმედი მასწავლებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ფასდაუდებელია სკოლის გუნდისა და მისი ლიდერის წვლილი სასკოლო კულტურის შექმნაში, რაც მოსწავლეთა აკადემიურ განვითარებასა და მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს ლიდერის კონცეფცია, რომელიც მომავალში სკოლის დირექტორის სტანდარტისა და სერტიფიცირების პროცესის საფუძველი გახდება.
ვაგრძელებთ სასკოლო პერსონალის ანაზღაურების ზრდის პროცესს. მოგეხსენებათ, სამინისტროს ინიციატივით ყოველწლიურად იზრდება მასწავლებელთა ანაზღაურება და დაგეგმილია როგორც სკოლის ადმინისტრაციის, ასევე, რესურსცენტრების თანამშრომელთა ანაზღაურების მატება,"- განაცხადა ჩხენკელმა.