ქვემო ქართლს ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს [video]

2021-12-01 15:33:21

შოთა რეხვიაშვილმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა დატოვა და მისი პოზიცია გიორგი დოხტურიშვილმა დაიკავა.

დოხტურიშვილი 2021 წლიდან რეხვიაშვილის მოადგილე იყო.

ახალი რწმუნებული საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერებს წარუდგინა.

როგორც ბარნაბიშვილმა განაცხადა, დოხტურიშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

"გიორგი დოხტურიშვილი არ არის ახალი სახე ქვემო ქართლის რეგიონისთვის, იგი 2021 წლის აგვისტოდან მუშაობს უკვე გუბერნატორის მოადგილედ, მას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის. ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა როგორც საკრებულოში, ასევე მერიის სტრუქტურულ დანაყოფებში სხვადასხვა მენჯერულ თანამდებობებზე, ამდენად აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ თავი გაართვას იმ გამოწვევებს, რომლებიც დგას ქვემო ქართლის რეგიონში", - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

ბარნაბიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა შოთა რეხვიაშვილს სამწლიანი საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ის მუშაობას სახელმწიფო სტრუქტურაში გააგრძელებს, თუმცა არ დააკონკრეტა, სად.

მისივე განმარტებით, ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო.

"ცვლილების მიზეზი არის საქმიანი მსჯელობის შედეგი. ის გამოწვევები, რომელიც დგას ქვემო ქართლში და იმ სტრუქტურის გამოწვევები, სადაც უნდა დაინიშნოს შოთა რეხვიაშვილი", - განაცხადა ბარნაბიშვილმა.

ახალი სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, ის ინფორმირებულია იმ გამოწვევების შესახებ, რაც ქვემო ქართლში დგას.

"მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობას გამოცხადებული ნდობისთვის. ამ მაღალ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, თავს გავართმევ მუნიციპალუტეტების მერებთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი 10 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც დააინიცირა პრემიერმა და წარმოადგინა საქართველოს მთავრობამ. რა თქმა უნდა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად განვითარების ამ გეგმას მივყვებით, იქნება ძალიან ბევრი რეფორმა გასატარებელი, მათ შორის საკანონმდებლო, რომელიც რეგიონს სჭირდება და აუცილებლად დროულადაა მისღები, რაც უნდა შეეხოს მოსახლეობის კეთილდღეობას და თითოეულმა ოჯახმა უნდა იგრძნოს ეს", - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

მუშაობის 3 წლიან პერიოდზე ისაუბრა შოთა რეხვიაშვილმა. მან განაცხადა, რომ ამ ხნის განმავლობაში მასშტაბური პრობლემები მოგვარდა და მადლობა გადაუხადა ხელისუფლების ყველა შტოს თანამშრომლობისთვის.

"ძალიან მნიშვნელოვანი 3 წელი იყო რეგიონის განვითარებისთვის, საინტერესო და რთულიც გარკვეული გარემოებების გამო და მათ შორის, პირველ რიგში, პანდემიის გამო. მიუხედავად ამისა, მასშტაბური, ათეული წლების მოუგვარებელი პრობლემები მოგვარდა, სრულდება და საფუძველია ჩაყრილი ამგვარი პროექტების.

ეს იყო გუნდურობის საუკეთესო მაგალითი, იყო თვითმმართველობა ძალიან ეფექტიანი, იყო სამხარეო ადმინისტრაცია ინტენსიურად ჩართული ყველა პროცესში და გვქონდა უპორეცენდენტო მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლების, ამიტომ მინდა ყველა შტოს ხელისუფლების გულწრფელი მადლობა გადავუხადო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის", - განაცხადა რეხვიაშვილმა.  



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები