რუსთავში სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასი იზრდება

2021-11-29 16:23:40

2022 წლიდან რუსთავში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალს ხელფასები გაეზრდებათ.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შემდეგ წელს თბილისის და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება გათანაბრდება. რაც ავტომატურად რუსთავში დასაქმებულებისთვის ხელფასების ზრდას ნიშნავს.

ხელფასების გათანაბრების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის დირექტორმა, პაატა ბაჩილავამ განუცხადა, რომ თბილისისა და რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების ხელფასებს შორის ერთ სამორიგეო დღეზე სხვაობა 55 ლარია.

ტიკარაძის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ხელფასების გათანაბრებასთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების პროცესიც გაგრძელდება. მისი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ყოველწლიურად 60-80 ერთეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის განახლებას გეგმავს.