პუტინის პატრონაჟის ქვეშ არსებულ კლინიკაში „ვაგნერის“ დაქირავებული მკვლელები და „ესკორტის ქალები“ მკურნალობენ

2021-11-26 14:45:11

პუტინის პატრონაჟის ქვეშ არსებულ კლინიკაში „ვაგნერის“ დაქირავებული მკვლელები და „ესკორტის ქალები“ მკურნალობენ.

საერთაშორისო მედიაში სკანდალური საგამოძიებო მასალა გამოქვეყნდა სანქტ-პეტერბურგში მდებარე სამედიცინო ცენტრი „სოგაზ“-ის შესახებ, სადაც წლების განმავლობაში უფასოდ მკურნალობდნენ არა მხოლოდ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლებს. ჟურნალისტმა-გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ კლინიკაში მკურნალობას გადიოდნენ როგორც რუსეთის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრები და რუსეთის მმართველი ელიტა, ასევე მსუბუქი ყოფაქცევის ქალებიც. ისინი კლინიკაში შიდსის, ჰეპატიტის და სიფილისის ანალიზებს იკეთებდნენ და როგორც გამოცემა ვარაუდობს ელიტური დონის „ესკორტის ქალების“ კატეგორიას წარმოადგენდნენ. კლინიკა „სოგაზი“ ვლადიმერ პუტინის ქალიშვილ მარია ვორონცოვასთან არის დაკავშირებული, რის შესახებაც 2020 წელს „როიტერსმა“ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, „რადიო თავისუფლების“ წყარომ, რომლის ვინაობას მისივე უსაფრთხოების გამო გამოცემა არ ამხელს, ასევე დაადასტურა ის ინფორმაცია, რომელიც მანამდე „როიტერსმა“ „ვაგნერელების’ მკურნალობის შესახებ გაავრცელა. ასევე, წყარომ ჟურნალისტებს უამბო, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა კლინიკაში 2018 წლის თებერვალში იმყოფებოდა, რაც დროში ემთხვევა სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორში „ვაგნერის“ მარცხს. სხვადასხვა მონაცემებით, მაშინ სამსაათიან ბრძოლაში რამდენიმე ასეული „ვაგნერელი“ დაიღუპა, ხოლო დაჭრილების მკურნალობის პროცესი მკაცრად გაასაიდუმლოვეს. აღსანიშნავია, რომ კრემლი დღემდე არ აღიარებს, რომ რუსი დაქირავებული მებრძოლები სხვადასხვა ცხელ წერტილში იბრძვიან, ვინაიდან მსგავსი კომპანიების არსებობა რუსეთში კანონგარეშეა. თუმცა, როგორც ცნობილია, „ვაგნერი“ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის პატრონაჟის ქვეშაა და ემსახურება კრემლის მიზნების შესრულებას მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხეში. შესაბამისად, „ვაგნერის“ მებრძოლები თითქოს „არ არსებობენ“, მაგრამ ირკვევა, რომ მკურნალობას ისეთ ელიტურ კერძო კლინიკებში გადიან, როგორიცაა „სოგაზი“.
წყარო შემდეგს ყვება: „მათი მოყვანის წინ, მიმღების ადმინისტრაციაში დაგზავნილი იყო მითითება რომ რეგისტრაცია, მკურნალობა და მთლიანად მათი ყოფნა კლინიკაში უნდა იყოს კონფიდენციალური, პასპორტები არ უნდა ჩამოერთვათ, მონაცემები უნდა ჩაეწერათ მხოლოდ გადმოცემით. როგორც კი შემოვიდოდნენ, კარი უნდა დაკეტილიყო, სხვა არავის შემოშვება იმ კარიდან არ შეიძლებოდა. თავიდან, 2016 წელს, მათ ათავსებდნენ კლინიკის ვიპ სართულზე, რომ სხვებთან კონტაქტი არ ჰქონოდათ, შემდეგ გადაიყვანეს მესამე სართულზე, სადაც ყველაზე ნაკლები ხალხი მოძრაობს. ზოგიერთი სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში გადაიყვანეს, მაგრამ ჩვენთან მაინც პერიოდულად მოდიოდნენ გამოკვლევებზე.“

ჟურნალისტების წყარო ამბობს, რომ ყველა „ვაგნერელი“ მიმაგრებული იყო პირდაპირ დირექტორ, ვლადისლავ ბარანოვზე. სწორედ ბარანოვის გავლით კლინიკა „სოგაზი“ პუტინის სავარაუდო ქალიშვილთან, მარია ვორონცოვასთან არის დაკავშირებული. როგორც 2019 წელს „ბიბისი“ წერდა, ბარანოვი კომპანია „ნომეკოს“ თანამფლობელია, ხოლო „ნომეკოს“ აქციონერია ასევე მარია ვლადიმირის ასული ვორონცოვა. „სოგაზთან“ არის დაკავშირებული პუტინის დისშვილი მიხაილ შელომოვიც.

ასევე, სტატიაში ვკითხულობთ შემდეგს: „ეს იყო 2016 წლის გაზაფხულზე თუ ზაფხულში. მაშინ 7-8 ადამიანი მოიყვანეს, ყველას ცეცხლსასროლი ჭრილობები ჰქონდა. ისინი გაატარეს როგორც დაზღვევის პაციენტები, მაგრამ დაზღვევის გრაფის ადგილას უნდა დაგვეწერა „ბ ვ ვ“, ანუ მიგვემაგრებინა ისინი უშუალოდ გენდირექტორ ბარანოვზე. შიდა მიმოწერაში ან საუბრებში მათ უწოდებდნენ „სპეცკონტინგენტს“. კიდევ ერთი დიდი პარტია იყო 2018 წლის თებერვალში.“

ასევე, ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ „სოგაზში“ არა მხოლოდ დაქირავებული რუსი მკვლელები მკურნალობდნენ, არამედ კრემლის მაღალჩინოსნებიც, რომლებიც „სუპერ ვიპების“ კატეგორიაში გადიოდნენ. მათ მხოლოდ საუკეთესო ექიმები ემსახურებოდნენ. მათ შორის იყვნენ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული კოოპერატივების და კომპანიების ხელმძღვანელები, რუსეთის ფედერაციის სპიკერი ვალენტინა მატვიენკო და სხვები.
კიდევ ერთი საიდუმლო კატეგორიის კლიენტები აღმოჩნდნენ ახალგაზრდა გოგონები, რომელთა რეგისტრაცია ხდებოდა სიტყვებით „ქალთა სპორტი“.
„კლინიკა მუდმივად მუშაობდა ვიღაც გოგონებთან, რომლებიც მიმღებში მოდიოდნენ კოდური სიტყვით. თავიდან ეს იყო „კოდი 1“, შემდეგ „ქალთა სპორტი“. ისინი აბარებდნენ სისხლს ანალიზების გადასამოწმებლად შიდსზე, სიფილისზე, ჰეპატიტზე და ხანდახან შემოწმებას გადიოდნენ გინეკოლოგთანაც“-ამბობს წყარო.

იმის ვარაუდი, რომ „სპორტსმენი“ ქალების სულაც არ იყვნენ სპორტსმენები, შეიძლება შემდეგი დაკვირვებიდანაც გაკეთდეს: „ზოგიერთი აბარებდა გინეკოლოგიურ ანალიზებს, ზოგი კი ამოწმებდა ქალიშვილობას. ზოგჯერ მათ თან ახლდნენ ადამიანები, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ, რომ ანალიზი იმათ ჩაებარებინა, ვისაც ეკუთვნოდათ და რომ არ ყოფილიყო მოტყუება. ისინი არ გავდნენ სპორტსმენებს, იყვნენ მაღლებიც, დაბლებიც, გამხდრებიც და მსუქნებიც. ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ-20 წლამდე, ზოგჯერ არასრუწლოვნებიც. იყო ორიოდე შემთხვევა, როცა ამ კოდით მოდიოდნენ საკმაოდ ასაკოვანი ქალები, რაც გასაკვირი იყო.“

„რადიო თავისუფლებამ“ კლინიკა „სოგაზს“ კითხვებით მიმართა. ჟურნალისტებს აინტერესებდათ-მართალია თუ არა ის, რომ მათთან მკურნალობდნენ „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები, იყვნენ თუ არა ვიპ-კლიენტები იური კოვალჩუკი, ვალენტინა მატვიენკო, სერგეი ფურსენკო და სტატიაში ნახსენები სხვა პირები; შეესაბამება თუ არა რეალობას ინფორმაცია კლინიკის პაციენტთა ჯგუფზე, რომლებიც შემოწმებას გადიან კოდური სიტყვებით „ქალთა სპორტი“. კლინიკის მესვეურებს ამ კითხვებზე არ გაუციათ.

ნესტან ხაბურძანია