რუსთავის სამშობიარო სახლში შრომის ინსპექციამ დარღვევები აღმოაჩინა

2021-11-26 13:06:24

რუსთავის სამშობიარო სახლთან პროკავშირების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბრიფინგი გაიმართეს.

ბრიფინგის მთავარი თემა სამშობიარო სახლში შრომის ინსპექციის მიერ აღმოჩენილი დარღვევები იყო.

როგორც მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტმა, ირაკლი ამირანაშვილმა განაცხადა, შრომის ინსპექციის დასკვნაში ასახულია არაერთი დარღვევა, მათ შორის დასაქმებულების მიმართ 626 460 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანება.

"ჩვენი მოთხოვნით შრომის ინსპექციამ შეამოწმა და დადო დასკვნა. ზუსტად ერთიერთში დაემთხვა ის მოთხოვნები, რასაც პროფკავშირი ითხოვდა და აღნიშნავდა. ჩვენ ვნახეთ ბევრი დარღვევა აქ. მათ შრომით ხელშეკრულებაში არ უწერიათ სამუშაო საათები, კუთვნილი შვებულება და ყველაზე ცუდი, რაც არის, ამ პანდემიის პერიოდში, პატიოსნად და პირნათლად მომუშავე სანიტარი, ექთანი და ექიმი, რომელიც ასრულებს თავის პროფესიულ საქმიანობას, 21-ე საუკუნის პირობებში ითხოვს კუთვნილ ხელფასს, რომელიც წლების განმავლობაში არ აუღია. 626 460 ლარზეა საუბარი, მილიონამდე დავალიანება აქვს დამსაქმებელს.

1 თვეში იქნება რეინსპექტირება. მათ მისცეს 1 თვე გონივრული ვადა, თუმცა გვეეჭვება, რომ მან ეს გამოასწოროს და დავალიანება გადაიხადოს. ჩვენ პირობას ვიძლევით, რომ არ მოვასვენებთ, 1 თვის შემდეგ გადავამომწებთ სიტუაციას და თუ არ იქნა გამოსწორებული დარღვევები, ისევ გავმართავთ სამედიცინო დაწესებულების წინ აქციას და რა თქმა უნდა, იურიდიულ მსვლელობასაც მივცემთ", - განაცხადა ირაკლი ამირანაშვილმა.

დავალიანების გადახდის პირობას იძლევიან სამშობიარო სახლში, თუმცა უარყოფენ იმას, რომ კლინიკას ხელფასები თითქმის 2 წელია არ გაუცია.

"რასაც გვავალებენ და რაც მივიღეთ შენიშვნა ყველაფერს გამოვასწორებთ, არასდროს არ გავურბივართ მოვალეობის შესრულებას და მივყვებით დინებას. ყველაფერი თეთრებში იქნება გასტუმრებული. არ არსებობს ჩვენგან გაშვებული თანამშრომელი, არ არსებობს ისეთი თანამშრომელი, ვისაც დავალიანებას არ ვაძლევთ. მეტზე ვერაფერზე ვერ გაგცემთ პასუხს. 2 წლის დავალიანება მთლიანად არ აქვს, თუნდაც წელიწად-ნახევარი ვინმე ხელფასის გარეშე იმუშავებდა, როგორ ფიქრობთ?

ხელფასი ყოველ თვეში ერიცხებათ ჩვენს თანაშრომლებს, ეს არის ძველი დავალიანება", - განაცხადა სამშობიარო სახლის მთავრმა ბუღალტერმა სალომე ჩიქოგავამ.

"ინფო რუსთავმა" მოიპოვა შრომის ინსპექციის დასკვნა, რომლშიც ვკითხულობთ, რომ მედპერსონალის მიმართ სახელფასო დავალიანება კლინიკაში ფიქსირდება 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით. ამ და სხვა გამოვლენილი დარღვევების გამო სამშობიარო სახლი 2 400 ლარით დაჯარიმდა.

"2020 წლის ივნისის თვიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით დამსაქმებლის მხრიდან კლინიკის სამედიცინო პერსონალის მიმართ არსებობს შრომის ანაზღაურების გაცემის დაყოვნება.

სახელფასო დავალიანება ფიქსირდება 117 დასაქმებულის მიმართ, რომლის ჯამური ოდენობა 626 460 ლარია.

კლინიკის მიერ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ხელფასი მხოლოდ ორ პირთან მიმართებით გაიცა", - ნათქვამია დასკვნაში.

ინფორმაციისთვის, უკვე რამდენიმე წელია მიდის საუბარი იმაზე, რომ რუსთავის სამშობიარო სახლს სახელფასო დავალიანება აქვს, თუმცა კლინიკის ადმინისტრაცია ღნიშნულ ბრალდებას უარყოფდა.

 


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები