ვინ ჩაირიცხება უნივერსიტეტში უგამოცდოდ

2021-11-19 16:40:25

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებას, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდებიან, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე შესძლებენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის თავდაპირველი ვერსიით, კანონის მოქმედება იმ სპორტსმენებზეც ვრცელდებოდა, რომლებიც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში პირველ ადგილს მოიპოვებდნენ. როგორც ამასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ განმარტა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

"კომიტეტის მოსაზრებით, კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდებიან. კანონის მოქმედება ასევე უნდა გავრცელდეს იმ პირებზე, რომლებიც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ", - განაცხადა ვალერიან გობრონიძემ.