სალომე ზურაბიშვილის სპეციალური ბრიფინგი

2021-11-17 18:22:22

კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა.

"დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. ეს მას კარგად გააზრებულიც ჰქონდა და მიუხედავად ამისა, ჩამოვიდა და თანაც უკანონოდ. კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა, საზოგადოება, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული. ამდენად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ვიღებდი და ვიღებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებებისგან, სახალხო დამცველისგან, სახელმწიფო ინსპექტორისა და ჯანდაცვის სამინისტროსგან.

დღეს მინდა ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო და ამ სერიოზულ საკითხთან მიმართებით გავაცნო ჩემი შეხედულება.

დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება მისივე ქცევის მიუხედავად, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი, ამდენად იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია.

საზოგადოებას კარგად ახსოვს თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ სისტემაში, ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება, რამეში დაემსგავსოს წინამორბედს. ამიტომ გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი, შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის.

„ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ინფორმაცია პრეზიდენტის თუ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიეკუთვნება სხვა კატეგორიას, საჯარო და არა პირად მონაცემებს. ეს იწვევს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესს, რამეთუ ყველა ხვდება, რომ მათი ჯანმრთელობა, პრეზიდენტების, პირდაპირ თუ ირიბად სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფოს სტაბილურობაზე. ასე რომ, ყველას გვესმის, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა, მიუხედავად იმისა, რომ თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება და თავად ცდილობს მართოს ეს პროცესი, ეს არ ხსნის და არც ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. ლოგიკურად, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით ყველაზე დაინტერესებული უნდა იყოს ხელისუფლება და ვფიქრობ, არის კიდეც. თავის მხრივ საზოგადოებას უფლება აქვს ჭორების, ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის და სპეკულაციის ნაცვლად ყოველდღიურად მიიღოს სრულყოფილი, მიუკერძოებელი, სანდო და დეტალური ინფორმაცია შიმშილობის, კვების, ანალიზების შესახებ. ეს არის ხელისუფლების ვალდებულება და მივმართავ მას, დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ ვალდებულების სრულად და არა ნაწილობრივ შესრულებას.

ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები გადაყვანილი იყოს სხვა სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნია რეალური წარმოდგენა, რას ნიშნავს ეს ან რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ შესაძლებლობა, რაც რიგით პატიმრებს ეძლევა, რომ სამოქალაქო კლინიკაში იყვნენ გადაყვანილი, სწორედ ამ განსაკუთებულობიდან გამომდინარე უფრო რთულად განსახორციელებელია მრავალი შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია. ამავე დროს ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა თუ ეჭვი, რომ მის მკურნალობას რამე დააკლეს შიმშილობისას, თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე, ანუ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.