სააკაშვილის მხარდამჭერი საავტომობილო მსვლელობა

2021-11-16 16:04:13

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები პარტიის ცენტრალური ოფისიდან ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ.

მათი განცხადებით, საბოლოო დანიშნულება „გომელაურის უწყებისთვის სიურპრიზი იქნება“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ხაბაზის განცხადებით, აქციის სამი მთავარი მოთხოვნაა: მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ასევე მისი გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა.

სამი ლოკაციიდან ვიკრიბებით ადამიანები, რომლებსაც მიგვაჩნია, რომ საქართველოში მდგომარეობა არის გაუსაძლისი და ხელისუფლება ატარებს პუტინის ინტერესებს. ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში და მის გათავისუფლებას. ამასთან, ჩვენ არ დაგვიწყებია უკანონო არჩევნები, რაც აგრეთვე არის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა. ჩამოვივლით თბილისის ქუჩებს და მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ უარი თქვან ბოროტების მსახურებაზე. ჩვენ არ დავიშლებით და აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება”, - აღნიშნა კობა ხაბაზმა.