"ბრძოლა უნდა იყოს დაუღალავი"

2021-11-15 16:30:08

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები თბილისის ქუჩებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მსვლელობას აწყობენ.

პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას გაცხადებით, მსვლელობა ავლაბრის მეტროს მიმდებარედ დაიწყო, ბარათაშვილის ხიდთან კი მოქალაქეები ორად გაიყვნენ და გადაკეტეს, როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა სანაპიროს საავტომობილო მოძრაობა.

„ბრძოლა უნდა იყოს დაუღალავი, ყოველდღიური, მეთოდურად ეს რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს, შეუწყვეტავი იქნება ეს აქციები. რაც უნდა დაკავებული ვიყოთ, მესმის, სამუშაო დღეა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მაგრამ სამუშაო დღე, დაკავებულობა, სხვადასხვა საქმით დაკავება ეს ყველაფერი შესაძლებელია ოდნავ მაინც ნორმალური სახელმწიფო რომ გვქონდეს და არ ვიდგეთ რეალური, რეალურზე უფრო რეალური საფრთხის წინაშე – დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაკარგვისა. ეს საფრთხე რომ არ გვედგას, კი ბატონო, შეგვიძლია, ნახევარი ძალებით ვიბრძოლოთ, შეგვიძლია, გადავანაწილოთ ჩვენი ენერგია და დრო გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ამის ფუფუნება არ გვაქვს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

საფეხმავლო მსველობაში მონაწილეებს თან აქვთ ბანერები წარწერებით "არ მოკლათ".

ჯერ-ჯერობით უცნობია რა ლოკაცია იქნება ოპოზიციური პარტიის მიერ დაორგანიზებული მსვლელობის საბოლოო გაჩერების ადგილი. ამჟამად ისინი ორთაჭალის ტერიტორიაზე არიან.

შსს-მ მობილიზებულია ჰყავს როგორც სპეცრაზმი, ისე წყლის ჭავლის მანქანა.

ცნობისთვის, პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.