დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, არავაქცინირებულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა.
მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ინფიცირებულთა 95.92% იყო არავაქცინირებული, ამასთან, ჰოსპიტალიზირებულთა 94.4%-ს არ ჰქონდა ვაქცინა გაკეთებული და გარდაცვლილთა 98.96%-საც სწორედ აუცრელი მოქალაქეები შეადგენენ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 780 391 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 711 105, გარდაიცვალა 10 894 პაციენტი. სულ ქვეყანაში 2 041 209 აცრა გაკეთდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.