თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე განახლდება. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და 7 ნოემბრის ეპიზოდზე სააკაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გააუქმა.
„ჩვენ მომდევნო სხდომების თარიღს ვათანხმებთ მხარეებთან, დაცვის მხარისთვის მიცემული იყო განმარტება, როდესაც მოგვმართა. განცხადებები, რომ, აი, თქვენ ახლა ინტენსიურ რეჟიმში დაიწყებთ განხილვას, არა ბატონო, ამას განსაზღვრავს სასამართლო მხარეებთან შეთანხმებით, საქმის მოცულობიდან გამომდინარე.
სასამართლო სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის აუცილებლობას ვერ ხედავს. რაც შეეხება ადეიშვილს, კეზერაშვილს, წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე ახალი გარემოება, რომ გაუქმებულიყო. ამიტომ პატიმრობა უცვლელად იქნება დატოვებული“,– განაცხადა მანამდე მოსამართლე ნინო ელიეშვილმა.
აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ბრალდების მხარეც დაეთანხმა.
„ჩვენ არ ვიქნებით წინააღმდეგი, რადგან მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს, არ ვიქნებით წინააღმდეგი, ეს მექანიზმი გამოიყენოს სასამართლომ“, – განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ადვოკატებმა. ბექა ბასილაიამ მოითხოვა, სხდომაზე შესვენება გამოეცხადებინათ და დიმიტრი საძაგლიშვილსა და ნიკა გვარამიას მისცემოდათ საშუალება, პროცესს დასწრებოდნენ.
„გამოვაცხადოთ შესვენება და საძაგლიშვილი და გვარამია შემოვიდნენ პროცესზე, ისინი იმყოფებოდნენ საპატიმროში და შესაძლოა, რაიმე ახალ ინფორმაციას ფლობდდნენ ან შეიძლება, ახალი გარემოება ჰქონდეთ“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
საპასუხოდ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ დაწყებულ პროცესზე მათი შესვლა უწყვეტობის პრინციპს არ შეესაბამებოდა.
„სასამართლომ გითხრათ, რომ ტექნიკურად თუ გნებავთ, კი ბატონო, დაწყებულ პროცესზე შემოსვლა უწყვეტობის პრინციპთანაც არაა შესაბამისობაში“, – განაცხადა მოსამართლემ.
ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. პენიტენციურმა სამსახურმა პროცესის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.