ნიკა გვარამიამ, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა უფლებადამცველმა გლდანის ციხიდან, საზოგადოებას საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ახალი წერილი გააცნო.
"მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით, მას შემდეგ რაც მითხრეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი და გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან, დედაჩემთან და ჩემ შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა, ხოლო ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს ხელმძღვანელმა მუშაკმა გამომიცხადა, აჰა ჩიტო ხო ჩაგიგდეთ ხელში და გინებაც მოაყოლა, მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე.
შემდეგ გაფრთხილების გარეშე დაიწყეს თანამშრომლებმა ჩემი გადმოთრევა, მიუხედავად კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით, რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა ისევე, როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა, ამ დროს მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი იმიტომ რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე. ჩემი რეაქცია გამოწვეული იყო მთელი ამ ძალადობისა და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით. ყველა ნამდვილი კრიმინალივით იქცეოდა. ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილების ხმა.
ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს. სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ. შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება, პუტინის დაკვეთით. მინდა არ მივცეთ არანაირი პროვოკაციის საშუალება. ვალდებული ვიყავი ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის. თუმცა მე აქ მარტო ვიყავი, ხოლო თქვენ გარეთ ხართ უამრავი და, შესაბამისად, ვერავინ დაგამარცხებთ. მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე პროტესტის პირობებში.
კიდევ ერთხელ, არ წამოვეგოთ მათ პროვოკაციებს. ჩვენი ერთიანობითა და მშვიდობით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ბანდიტებს ჩაუვარდა ხელში და დაღუპვის პირასაა. ხელახლა მინდა ვთხოვო ემიგრაცია, ახლა არის მომენტი აჩუქოთ საქართველოს თუნდაც ერთი ან რამდენიმე დღე და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს ყველა თქვენგანის, არ შეგვეშინდეს ამათი, ჩვენ ბევრად მეტნი ვართ, რაც მთავარია მართალნი ვართ და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი სამშობლო გვაქვს გადასარჩენი.
პ.ს. [მიმართვა ნიკა მელიას] ვიზიარებ და სრულიად მხარ ვუჭერ ნიკა შენს გადაწყვეტილებას გლდანის ციხესთან წამოსვლაზე უარის შესახებ. აქ მზადდებოდა და ახლაც მზადდება პროვოკაცია. რაც მიზნად ისახავს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ჩაშლას, ყოჩაღ ამისთვის",- ნათქვამია სააკაშვილის წერილში.