ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

2021-11-08 23:50:06

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 დაწესებულებაში შეხვდა.

ლომჯარიას თქმით, სააკაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის სამოქალაქო მულტიფუნქციური საავადმყოფოში გადაჰყავდათ, რასაც დათანხმდა.

"მისი [სააკაშვილის] განცხადებით, მან იცოდა, რომ უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში. შესაბამისად, თავისი ნებით დათანხმდა აღნიშნულს. თუმცა ჩვენ მე-12 დაწესებულებაშიც ვიყავით და ოფიციალურად გაფორმებული რაიმე დოკუმენტი, სადაც აცნობენ პატიმარ სააკაშვილს, რომ გადაყავთ მე-18 დაწესებულებაში, არ არსებობს. თუმცა ის ამბობს, რომ მან ზეპირად იცოდა, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყავდათ. მას შემდეგ, რაც ის შემოიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე მან თქვა, რომ არ სურდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანიდან გადმოსვლა.

მისი თქმით, მე-18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. უარი განაცხადა, რომ ექიმს გაესინჯა დაზიანებებთან დაკავშირებით. ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ ეტყობა დაზიანებები. ვიზუალურადაც არ ეტყობა დაზიანებები, რაც შემეძლო, რომ დამენახა",- განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს.