"არცერთი თქვენგანი არ მივიდეს გლდანის ციხესთან",- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, გლდანის ციხესთან მისვლა ნიშნავს პროვოკაციას, რის საშუალებასაც ქართულ ოცნებას არ მისცემენ.
"ხელისუფლებამ გადაკვეთა ყველა ზღვარი, ყველა წითელი ხაზი, მორალური, ზნეობრივი, აქ პოლიტიკაზე საუბარი აღარ არის. ხელისუფლება ჩვენ არ გვყავს, ეს არის რეჟიმი, ბანდიტებით დაკომპლექტებული, რომელსაც არაფრად მიაჩნია კანონი, საერთოდ არაფრად მიაჩნია კონსტიტუცია, როცა უნდა ადამიანს იტაცებენ, სადაც უნდა ათავსებენ და აბუჩად გვიგდებენ, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებენ ძალიან ეშმაკურად და ბოროტულად.
ცდილობენ, ისედაც გაღიზიანებული ხალხს დაგვაშვებინონ დიდი შეცდომა და მოგვიწყონ პროვოკაცია, ამას ემსახურებოდა სწორედ ამ აქციის დაწყებამდე იმ ყველაფრის ჩადენა, რაც ჩაიდინეს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. მინდა მოგიწოდოთ, რომ დღეიდან იწყება ფართო დ ძალიან დიდი საპროტესტო მოძრობა, არაფერია იმაზე დიდი ძალის მატარებელი, ვიდრე ხალხმრავალი, ერთიანი, მტკიცე და უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა, ეს საპროტესტო მოძრაობა დაიწყო და არ დასრულდება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება დაბრუნებული, მიტაცებული არჩევნები",-თქვა ნიკა მელიამ
საპროტესტო აქციაზე გამოსვლები აღარ იქნება და ნიკა მელიამ აქციაზე შეკრებილებს მოუხმო, რომ საფეხმავლო სვლით გადაინაცვლონ მთავრობის კანცელარიასთან.