რომელ ობიექტებზე შესასვლელად დაგჭირდებათ ე.წ. მწვანე პასპორტი

2021-11-08 18:19:39

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას „მწვანე პასპორტის“ მოქმედების არეალის გაფართოების შესახებ ამცნო.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს; დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.

ამასთან, 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის;

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს იმ ობიექტების ჩამონათვალს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტები; რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში; კინოთეატრებში; თეატრებში; ოპერაში; მუზეუმებში; საკონცერტო დარბაზებში; გასართობ ცენტრებში; სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე; სპა-ცენტრებში; ფიტნეს დარბაზებში; სასტუმროებში; სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე;

აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე და არა ობიექტებში დასაქმებულ პირებზე.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.