ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, მე-12 დაწესებულებასთან გზების გადაკეტვას, ასევე განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურის ცალკეული თანამშრომლების გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა ბაჩა მგელაძემ განაცხადა.
„6 ნოემბრიდან ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განზრახული აქვს პერმანენტული აქციების ორგანიზება, სადაც დაგეგმილი პარტიის მხარდამჭერების რეგიონებიდან ჩაყვანა.
გარდა ამისა, საპროტესტო აქცია დაგეგმილია თბილისში.
ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ, სახელმწიფო პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, შსს-ს სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებასთან მისასვლელი გზების გადაკეტვას. ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით.
სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურის ცალკეული თანამშრომლების გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც. აღნიშნული ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ,რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირებთან მეშვეობით აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კანონის საფუძველზე და კანონის შესაბამისად მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისთვის. დამნაშავეები კი კანონის წესით უმკაცრესად აგებენ პასუხს“, – განაცხადა ბაჩა მგელაძემ.