კვლევა ვაქცინაციის შესახებ

2021-11-05 11:44:27

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, 1 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1 802 566 დოზა აცრაა ჩატარებული, საიდანაც სრულად აცრილია 813 437 მოქალაქე, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.7%-ს შეადგენს.

"ფაიზერით" სრულად ვაქცინირებულია - 425 493 ადამიანი, „ასტრაზენეკით“ – 58 591 ადამიანი, "სინოფარმით" - 253 253 ადამიანი, ხოლო "სინოვაკით" - 79 100 ადამიანი.

მათივე ცნობით, დღეში დაახლოებით, ყოველ 100 000 მოსახლეზე 85 დოზა აცრა კეთდება.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სრული დოზით აცრების 52% თბილისში ჩატარდა.

საქართველოში ჯამურად ჩატარებული 1 802 612 აცრიდან იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების (იშგამი) 1699 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ლეტალური გამოსავალი 6 შემთხვევაში დადგა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 15 მარტიდან 1-ელი ოქტომბრის შუალედში "ფაიზერის" ვაქცინაციისას 892 შემდგომი გართულებაა დაფიქსირებული, "სინოვაკისას" 135, "სინოფარმისას" 309 და "ასტრაზენეკას" ვაქცინაციისას 363 იშგამი დაფიქსირდა.

იშგამების ყველაზე მეტი 30.1% 60+ ასაკობრივ კატეგორიაზე მოდის.

ამასთან, აცრის შემდგომი გართულების 1 699 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეულია 180 შემთხვევა, რომელთაგან ჰოსპიტალიზებულია 156 პაციენტი (44- სტაციონარი, 112- ამბულატორია) ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 6 შემთხვევაში (სტაციონარში - 5, ბინაზე - 1), ხოლო სერიოზული იშგამების წილი - 0,01%-ია.

დოკუმენტის მიხედვით, 6 ლეტალური შემთხვევიდან 5 იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან არათავსებადია. 1 შემთხვევის განხილვა კი შეჩერებულია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენამდე.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის მიერ განხილულია იშგამის 102 შემთხვევა: იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან თავსებადი - 60; არათავსებადი - 29; გაურკვეველი - 12.

ყველაზე ხშირად აღრიცხული იშგამებისას დაფიქსირდა მათ შორის, ჯამში 9 სავარაუდო ანაფილაქსიის შემთხვევა, 213 ალერგიული რეაქცია, ტემპერატურის მატების 360 შემთხვევა და სხვ.