N12 სასჯელაღსრულების დაწესებულება სულ ცოტახნის წინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ დატოვა.
შეხვედრიდან გამოსულმა გვარამიამ საზოგადოებას მესამე პრეზიდენტის ახალი წერილი გააცნო.
"მე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი. ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა იყოს გაბრაზებული და შეურაცხყოფილი. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში. ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების გუნდმა, რომელიცაა საქართველოს ხელისუფლება, ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება. გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონი. რა უნდა ვქნათ? მხოლოდ ერთი, ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმოყვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ.
წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე. ასე მოიქცა ჩვენი მეზობელი სომხეთი. იქ ფაშინიანი ოთხი ივანიშვილის კალიბრის ოლიგარქს ებრძოდა, რომლის უკან იდგა რუსეთი და გაუყალბეს მასაც არჩევნები, მაგრამ სომეხმა ხალხმა მაინც გაიმარჯვა. ბევრი და კიდევ უფრო მეტი გამოვიდა ქუჩებში, სანამ ბანდიტური ხელისუფლება არ გატყდა და წავიდა, და სანამ არ დანიშნა რიგგარეშე არჩევნები.
ზუსტად უნდა ეს უნდა მოხდეს ჩვენთანაც, გამყალბებელი ბანდიტები უნდა წავიდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები. იგივე უქნეს იანუკოვიჩს უკრაინელებმა, როდესაც ბოლომდე რუსეთს მიემხრო. არადა იანუკოვიჩი უფრო ხელაღებული და მდიდარი იყო. ბოლოს და ბოლოს, რევოლუციების იდეა შვა საქართველომ ჩვენი თაობის დროს, ნუთუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას, რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ.
ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, უნდა ვიმოქმედოთ ბევრგან და ბევრმა. უნდა მოვისმინოთ ლიდერების აზრიც და საკუთარ ხელშიც უნდა ავიღოთ ინიციატივა ადგილზე. რა თქმა უნდა, პარალელურად უნდა ვასაჩივროთ ყველაფერი, რადგან ასეთი სადამკვირვებლო დასკვნები არ ყოფილა არც სომხეთში, არც ყირგიზეთსა და ვარდების რევოლუციის დროს. ჩვენ ახლა გვაქვს სრული ლეგიტიმაცია ქუჩის პროტესტისა და ძალადობის წინააღმდეგობის ბრძოლის",- ნათქვამია წერილში.
გარდა ამისა, ნიკა გვარამიამ ისაუბრა, რომ იგეგმება საქართველოს მესამე პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა, საიდანაც ე.წ. ოსური სპეცოპერაციით სააკაშვილის გატაცება მოხდება.
უფლებადამცველი მოითხოვს, რომ სააკაშვილის გადაყვანა, მოხდეს არა გორის ჰოსპიტალში, არამედ რეფერალურ საავადმყოფოში.