პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი დარღვევის მტკიცებულება მოიპოვეს.
„ჩვენ გვაქვს ერთი ადამიანი ორი პირადობის მოწმობით, სადაც ემთხვევა სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ორივე მოქმედია. არ ემთხვევა გვარი და არ ემთხვევა სერია. ამით დასტურდება, რომ ხელისუფლება გაყალბებული პირადობების მოწმობებით აყალბებს არჩევნებს”, – ამბობს კორძაია.
პირადობები ეკუთვნის ადამიანს სახელად – ედუარდი, გვარი კი ორ დოკუმენტში სხვადასხვა აქვს – მსტოიანი და ჯიქური.
კორძაიას თქმით, სამაგიდო სიის გაყალბების გზით მარტივად შეიძლება ერთ ოლქში ჩაწერილი ამომრჩეველი სხვა ოლქშიც მივიდეს ხმის მისაცემად, ფოტო კი ნაძალადევის 42-ე უბანშია მოპოვებული. როგორც დეპუტატი გვიყვება ამომრჩეველს შეეშალა და ამ უბანში ჩაწერილი გვარის ნაცვლად რეგისტრატორს სხვა გვარის პირადობა მიაწოდა, რის შემდეგაც მას მოსთხოვეს ორივე პირადობის მაგიდაზე დადება და ასე გადაიღეს ფოტო.
„საგამოძიებო სისტემის წინაშე ვაყენებთ სისტემური დანაშაულის გამოძიების მოთხოვნას. იუსტიციის სამინისტროდან დაწყებული, ყველა უწყების, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს, ცენტრალური საარჩევნო კომისიით დასრულებული”. – ამბობს თამარ კორძაია.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო თამარ კორძაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
სააგენტო განმარტავს, რომ „მათ მიერ ხსენებული მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემითაა შეყვანილი. ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი – ჯიქური.
გვარის შეცვლა განხორციელდა 14 სექტემბრის ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ.
იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული.
აქვე განვმარტავთ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა.