"ენმ-ის მხრიდან იგეგმება კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის შემოტანა"

2021-10-30 13:51:20

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის ცენტრალურ ოფისში, ნინო ლაცაბიძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, ხელოვნურად დაძაბოს ვითარება და დესტრუქცია შეიტანოს საარჩევნო პროცესში

"რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ კარგია როცა საერთაშორისო დამკვირვებლების სიმრავლე შეინიშნება. ცოტა ხნის წინ ამერიკის ელჩმა გააკეთა შეფასება, რომ რუსთავში საარჩევნო გარემო არის მშვიდი. ყველა პირობაა იმისთვის, რომ რუსთაველებმა მშვიდ გარემოში გააკეთონ არჩევანი...

როგორც მოსალოდნელი იყო ოპოზიციის წარმომადგენლები უბანზე აგრესიითა და დესტრუქციით გამოირჩევიან დღესაც, როგორც გამოირჩეოდნენ პირველი ტურისა და საარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენმა დამკვირვებლებმა გამოავლინეს დარღვევები. უბნებთან მანქანებითა და ფურცლებით სწორედ მათი მხრიდან შეინიშნება ადამიანები, აფრიალებენ გაურკვეველ ბარათებს და ადამიანები ისევ შეცდომაში შეყავთ, თითქოს ქართული ოცნების მხრიდანაა დარიგებული გაურკვეველი ვაუჩერები. 39 უბანზე მარკირებიანი ცდილობდა შესვლას, რაზეც რეაგირება მოვახდინეთ, 28 უბანზე აცხადებდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციიდან იყვნენ, რეალურად კი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები იყვნენ.

67 უბანზე ერთი და იგივე ორგანიზაციის ბეიჯით იყო წარმოდგენილი. მე-17 უბანზე ხელოვნურად ცდილობდნენ არეულობა გამოეწვიათ, გვაქვს ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა.

მე-3 უბანზე სამაგიდო სიებს უღებდნენ ფოტოებს და ახდენდნენ ამომრჩევლის იდენტიფიცირებას. გიორგი კაპანაძე, მერაბიშვილი, შაშკინი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახეები დადიან უბან-უბან და ცდილობენ შეიტანონ დესტრუქცია და ხელოვნურად შექმნან დაძაბული ვითარება. ნაციონალური მოძრაობის მხრიდან იგეგმება კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის შემოტანა, რის უფლებასაც არ მივცემთ",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ცნობისთვის, დარღვევებზე, ასევე ისაუბრეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და პლატფორმა "2020-ის" წარმომადგენლებმაც. მათი განცხადებით, რუსთავის საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებლების გაძევება ხდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები